|
1-06-2013, 16:11
4 ივნისს, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ხსნის ფესტივალს “პროექტი ხელმისაწვდომი ჰოლივუდი. საქართველო 2013“. ფესტივალი 16 ივნისამდე გაგრძელდება.
ფესტივალის ფარგლებში ცნობილი რეჟისორის, პროდიუსერისა და პედაგოგის ქრისტოფერ კოპოლასა და ფესტივალის ორგანიზატორთა მიერ შერჩეული უნივერსიტეტების მიერ წარდგენილი 5 სტუდენტისგან დაკომპლექტებული 5 გუნდი სულხან-საბა ორბელიანის “სიბრძნე-სიცრუისას“ მოტივებზე იღებს 10-წუთიან ფილმს ქრისტოფერ კოპოლასა და მისი შემოქმედებით-ტექნიკური ჯგუფის მითითებებითა და უშუალო ხელმძღვანელობით. თითოეული გუნდის ფილმში მონაწილეობს თავად ქრისტოფერ კოპოლა.
ფილმის მზადებისთვის, გადასაღებად და სამონტაჟოდ სტუდენტებს ეძლევათ 9 დღე. 14 ივნისს ფესტივალის ვებგვერდზე იტვირთება თითოეული ნამუშევარი და მთელი მსოფლიო ხმას აძლევს საუკეთესოს. ფილმების ჩვენება გაიმართება 15 ივნისს კინოთეატრ “ამირანში“ დაჯილდოების ცერემონიალზე, სადაც გამოვლინდება კიდეც მსოფლიოს მიერ არჩეული საუკეთესო გუნდის 10-წუთიანი ფილმი. შემოქმედებით ჯგუფს გადაეცემა ფულადი ჯილდო.
ფესტივალში მონაწილეობისთვის თითოეული უნივერსიტეტი წარადგენს 5 სტუდენტისგან დაკომპლექტებულ გუნდს (სტუდენტები, რომლებიც მოირგებენ რეჟისორის, მსახიობის, სცენარისტის, ოპერატორისა და კომპოზიტორის ფუნქციებს). ფესტივალის ვებგვერდზე http://www.pahfest.org/ ტვირთავს სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების მიხედვით დაწერილ 10-გვერდიან სცენარს (ქართულ და ინგლისურ ენებზე). ამ სცენარების განხილვის საფუძველზე საბოლოოდ ირჩევა 5 გამარჯვებული გუნდი, რომელიც 4 ივნისს უშუალოდ ქრისტოფერ კოპოლასგან იღებს დავალებას და იწყებს გადაღებას. სამონტაჟო აპარატურის ბაზას, სადაც მოხდება ფილმის დამონტაჟება, უზრუნველყოფს წარმდგენი უნივერსიტეტი.
სტუდენტები მომავალშიც აგრძელებენ ქრისტოფერ კოპოლასთან მუშაობას სკაიპის საშუალებით, ფილმი ნაჩვენები იქნება სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე და ის იქნება როგორც კოპოლას, ისე ქართველ სტუდენტთა, “ფესტივალი კინემატოგრაფია საქართველოსთვის“ და “ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ კუთვნილება. |
|