საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დღეს ლიტვის რესპუბლიკის სეიმის წარმომადგენლები ეწვივნენ. ლიტველმა სტუმრებმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიტუანისტიკის ცენტრი დაათვალიერეს და პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდნენ.
შეხვედრა ცენტრის ხელმძღვანელმა გახსნა. მან ლიტუანისტიკის ცენტრის გახსნისთვის მადლობა გადაუხადა როგორც ლიტვის დელეგაციის წარმომადგენლებს, ისე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს. მნიშვნელოვანია, რომ სტუმრებს ლიტვურ ენაზე მიესალმნენ ლიტუანისტიკის ცენტრის ქართველი სტუდენტები. ამის შემდეგ ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი ქართულად მიესალმა დამსწრე საზოგადოებას. სეიმის თავმჯდომარე ლორეტა გრაუჟინიენემ წარადგინა დელეგაციის წევრები, მადლობა გადაუხადა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და ცენტრის ხელმძღვანელს მიღწევებისთვის და განაცხადა, რომ შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. საქართველოს ელჩმა ლიტვაში ხათუნა სალუქვაძემ ლიტველ სტუმრებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ისინი ფიქრობენ ჩვენი სტუდენტების მომავალზე და აღნიშნა, რომ ქართველ ახალგაზრდებს კიდევ უფრო შეუყვარდათ ლიტვა, ეს კი ორ ხალხს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებისთვის მეტად მნიშვნელოვანია. სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გამოთქვა კმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ უნივერსიტეტმა ლიტვის მთავრობის ნდობა გაამართლა და ცენტრი ტექნიკურ უნივერსიტეტში წარმატებით მუშაობს.
შეხვედრის ბოლოს სეიმის თავმჯდომარემ ლიტვური ცენტრის პოპულარიზაციის საქმეში გაწეული მუშაობისთვის სტუ-ის რექტორს, არჩილ ფრანგიშვილსა და პროფესორებს – იოსებ ჩუნთიშვილსა და ივანე კომახიძეს – ლიტვის განათლების სამინისტროსგან ჯილდოები გადასცა.
ლიტვის დელეგაცია საქართველოში 6 ოქტომბრიდან იმყოფება. მის შემადგენლობაში არიან სეიმის თავმჯდომარე ლორეტა გრაუჟინიენე, ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი, ევროპასთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე გედემინას კირკილასი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბენედიკას იუდიკა, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ზიტა ზვიკიენი, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე მანტას ადომენასი, სეიმის თავმჯდომარის უფროსი მრჩეველი მანტვიდას ბეკესიუსი, ევროპასთან ურთიერთობის კომიტეტის მრჩეველი მატას მალდეიკასი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის პროტოკოლის განყოფილების უფროსი სპეციალისტი რაიმონდა ბუნდიკაიტე და სხვები.
შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ, 2012 წლის ოქტომბერში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიტუანისტიკის ცენტრი გაიხსნა. ლიტვური ენის შემსწავლელი ცენტრი საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის ელჩმა იონას პასლაუსკასმა გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოში ლიტვის საელჩოს კანცელარიის უფროსი რასა ინდრიუნაიტე-ბარკალაია. იონას პასლაუსკასის განცხადებით, ნებისმიერ სტუდენტს როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, ისე სხვა სასწავლო დაწესებულებებიდან, ასევე ყველა მსურველს, რომელსაც უნდა, შეისწავლოს ლიტვური ენა, ექნება საშუალება, უფასოდ დაესწროს ლექციებს. სალექციო კურსს წაიკითხავს ლიტვიდან სპეციალურად მოწვეული პროფესორი ვიდას კავალიაუსკასი. ორგანიზატორთა განცხადებით, ლიტვური ენის შემსწავლელი ცენტრის ფუნქციონირება ქართულ-ლიტვური კონტაქტების გაღრმავებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული ინიციატივა ეკუთვნის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, დაფინანსება კი ლიტვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განახორციელა.
აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული მიღწევების მქონე ახალგაზრდები ლიტვის მთავრობისგან სტიპენდიას იღებენ. პროექტის პირველ ეტაპზე ფინანსდებიან ის სტუდენტები, რომლებიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებულ ლიტვური ენის შემსწავლელ ცენტრში ენის კურსს გადიან.
ლიტვის დელეგაცია საქართველოს 9 ოქტომბერს დატოვებს.