|
13-02-2013, 16:23
კიდევ ერთი ახალი სამთავრობო ინიციატივა საგანმანათლებლო სფეროში: ლიტვის მთავრობა ქართველი სტუდენტებისთვის გრანტებს გამოყოფს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ხვალ, 14 თებერვალს, 14:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის ელჩი იონას პასლაუსკასი ეწვევა.
ლიტვის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, გიორგი ნიკოლაძის სახელობის დარბაზში გაიმართება. ლიტვის დელეგაციის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
ლიტველი სტუმრები სტუდენტებს გააცნობენ შეფასების სისტემას, რომლის მიხედვითაც, განსაკუთრებული მიღწევების მქონე ახალგაზრდები სტიპენდიას მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ პროექტის პირველ ეტაპზე დაფინანსდებიან ის სტუდენტები, რომლებიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებულ ლიტვური ენის შემსწავლელ ცენტრში ენის კურსს გადიან.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის ოქტომბერში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიტუანისტიკის ცენტრი გაიხსნა. ლიტვური ენის შემსწავლელი ცენტრი საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის ელჩმა იონას პასლაუსკასმა გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოში ლიტვის საელჩოს კანცელარიის უფროსი რასა ინდრიუნაიტე-ბარკალაია. იონას პასლაუსკასის განცხადებით, ნებისმიერ სტუდენტს როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, ისე სხვა სასწავლო დაწესებულებებიდან, ასევე ყველა მსურველს, რომელსაც უნდა, შეისწავლოს ლიტვური ენა, ექნება საშუალება, უფასოდ დაესწროს ლექციებს. სალექციო კურსს წაიკითხავს ლიტვიდან სპეციალურად მოწვეული პროფესორი ვიდას კავალიაუსკასი. ორგანიზატორთა განცხადებით, ლიტვური ენის შემსწავლელი ცენტრის ფუნქციონირება ქართულ-ლიტვური კონტაქტების გაღრმავებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული ინიციატივა ეკუთვნის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, დაფინანსება კი ლიტვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განახორციელა. |
|