ლიტვის მთავრობა ქართველი სტუდენტებისთვის გრანტებს გამოყოფს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა. ლიტველი სტუმრები ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
სტუმრებმა ისაუბრეს იმ უპირატესობების შესახებ, რაც ლიტვაში განათლების მიღებასთანაა დაკავშირებული: ლიტვაში სწავლა და ცხოვრება გაცილებით ნაკლებ ხარჯს მოითხოვს, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში. ამავდროულად, ლიტვის უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებს ევროპის ყველა ქვეყანაში გზა აქვთ ხსნილი.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს მეორე მდივანი დეივიდას კერტენისი, საქართველოში ლიტვის საელჩოს კანცელარიის უფროსი რასა ინდრიუნაიტე-ბარკალაია, ლიტვის უმაღლესი განათლებისა და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების პროექტის კოორდინატორი გრეტა ნუტაუტაიტე, სვიეტიმო მაინუ პარამოსის ფონდის დირექტორის მოადგილე გრაცინა კაკლაუსკეინე, ლიტვის მენეჯმენტისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროექტების მენეჯერი აგნე პერედნე, პროფესორი ვიდას კავალიაუსკასი და სხვები.
ლიტველი სტუმრების განცხადებით, მათი ვიზიტის მიზანი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალგაზრდებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრა და განათლების მე-3 საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობაა. მათი განცხადებით, სტიპენდიას ლიტვის მთავრობისგან განსაკუთრებული მიღწევების მქონე ახალგაზრდები მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ პროექტის პირველ ეტაპზე დაფინანსდებიან ის სტუდენტები, რომლებიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებულ ლიტვური ენის შემსწავლელ ცენტრში ენის კურსს გადიან.
ლიტველმა სტუმრებმა წარმოადგინეს კონკრეტული პროექტები, რომელთა ფარგლებშიც ქართველ ახალგაზრდებს ლიტვაში სწავლის გაგრძელება შეუძლიათ. მათ შორის იყო მხოლოდ ქართველ, ბელარუს და უკრაინელ სტუდენტებზე გათვლილი 7-7 საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო გრანტები. გარდა ამისა, მათი განცხადებით, ქართველ სტუდენტებს შეუძლიათ შეუძლიათ, გაიარონ საზაფხულო კურსები ლიტვაში. რეგისტრაციის ბოლო ვადა 2013 წლის 1-ლი აპრილია. რაც შეეხება მაგისტრანტებს, მათთვის დედლაინი 2013 წლის 1-ელ აგვისტოსაა განსაზღვრული. დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულმა პირებმა უნდა იხილონ ვებგვერდები: www.smpf.lt, www.studyinlithuania.lt
სტუმრებმა წაიკითხეს ლიტვის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დაინიუს პავალკისის წერილი, რომელშიც იგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, არჩილ ფრანგიშვილს, მადლობას უხდის ლიტუანისტიკის ცენტრის გახსნაში გაწეული მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობის გაღრმავების იმედს გამოთქვამს.
შეხვედრის ბოლოს ლიტველმა სტუმრებმა ქართველი ტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის ოქტომბერში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიტუანისტიკის ცენტრი გაიხსნა. ლიტვური ენის შემსწავლელი ცენტრი საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის ელჩმა იონას პასლაუსკასმა გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოში ლიტვის საელჩოს კანცელარიის უფროსი რასა ინდრიუნაიტე-ბარკალაია. იონას პასლაუსკასის განცხადებით, ნებისმიერ სტუდენტს როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, ისე სხვა სასწავლო დაწესებულებებიდან, ასევე ყველა მსურველს, რომელსაც უნდა, შეისწავლოს ლიტვური ენა, ექნება საშუალება, უფასოდ დაესწროს ლექციებს. სალექციო კურსს წაიკითხავს ლიტვიდან სპეციალურად მოწვეული პროფესორი ვიდას კავალიაუსკასი. ორგანიზატორთა განცხადებით, ლიტვური ენის შემსწავლელი ცენტრის ფუნქციონირება ქართულ-ლიტვური კონტაქტების გაღრმავებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული ინიციატივა ეკუთვნის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, დაფინანსება კი ლიტვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განახორციელა.