|
10-10-2013, 17:12
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ი. ნიკოლაძის სახელობის დარბაზში გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურმა (DAAD) ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან. DAAD/OSI-ის შესახებ პრეზენტაცია გამართა DAAD-ს თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა დოქტორმა ელიზაბეტ ფენორმა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ DAAD-ს ლექტორი ჰაინერ დინტერა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსი სპეციალისტი მანონ ჯიჯიეშვილი და სხვები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა, მოიპოვონ სტიპენდიები გერმანიაში სასწავლებლად. სწავლას აფინანსებს გერმანული მხარე.
გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) წარმოადგენს გერმანიის უმაღლესი სასწავლებლების გაერთიანებას. ის ერთ-ერთი დიდი ორგანიზაციაა, რომელიც აკადემიურ სფეროში სამეცნიერო ხასიათის გაცვლას უზრუნველყოფს. DAAD 1925 წელს დაარსდა, მისი ცენტრალური ოფისი გერმანიაში, ქ. ბონ-ში მდებარეობს. ორგანიზაციის საქმიანობა ფინანსდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა, განათლებისა და კვლევის სამინისტროს, ასევე, ევროკავშირის მიერ. DAAD სტიპენდიების საკმაოდ ფართო სპექტრი შეიძლება სულ 5 ფრაზით გადმოიცეს:
სტიპენდიები უცხოელთათვის - უცხოელი ახალგაზრდა ინტელიგენციის დაფინანსება გერმანის უმაღლეს სასწავლებლებსა და კვლევით ინსტიტუტებში.
სტიპენდიები გერმანელებისთვის - გერმანელი ახალგაზრდა წამყვანი კადრების დაფინანსება უცხოეთში სასწავლებლად.
გერმანიის უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაცია - გერმანიის უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების მიმზიდველობის გაზრდა საერთაშორისო ასპარეზზე, სტუდენტებისა და მეცნიერებისათვის.
გერმანისტიკისა და გერმანული ენის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ.
პარტნიორობა გარდამავალ ეტაპზე მყოფ ქვეყნებთან. სამეცნიერო, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობა განვითარებად და განვითარების გარდამავალ ეტაპზე მყოფ სახელმწიფოებში.
DAAD საქართველოში 1988 წლიდანაა წარმოდგენილი, 2004 წელს თბილისში საინფორმაციო ცენტრი გაიხნსა, ხოლო 2006 წლიდან საქართველოში DAAD-ს სამი ლექტორი მოღვაწეობს (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი).
DAAD გასცემს ინდივიდუალურ სტიპენდიებს წარმატებული ქართველი სტუდენტების, დოქტორანტებისა და მეცნიერებისათვის, გარდა ამისა მრავალხმრივადაა ჩართული ქართული უვერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების ყოფა-ცხოვრებაში. ასე მაგალითად ის აფინანსებს პარტნიორულ პროგრამებს ქართულ უნივერსიტეტებს შორის, ორგანიზებას უკეთებს სემინარებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებენ კურსებს (როგორც ადგილობრივ ისე რეგიონალური მასშტაბით), აფინანსებს გერმანულენოვან სამაგისტრო კურსს და მოთხოვნისდა მიხედვით საქართველოში სტუმრად იწვევს გერმანელ პროფესორებს. |
|