საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-სა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სტაჟირებას გაივლიან, სააგენტოს სათანადო კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები კი ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექციებს წაიკითხავენ. შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ეკა კერესელიძემ.
მემორანდუმის თანახმად, ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის საინჟინრო-ეკონომიკის დეპარტამენტის ბაკალავრიატის IV კურსის სტუდენტების, მაგისტრების, დოქტორანტებისა და სტუ-ს კურსდამთავრებულების მიერ მიღებული ცოდნის პრაქტიკულად გაანალიზებისა და განზოგადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, აგრეთვე, უძრავი ქონების ეკონომიკის პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე ერთობლივი ტრენინგები ჩატარდება.
ამასთან, სტუ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ითანამშრომლებენ საქართველოში უძრავი ქონების ეკონომიკის, მიწის კადასტრის, საქალაქო მეურნეობის ეკონომიკის, მიწის სამართლებრივი რეგულირების, მიწის ადმინისტრირების, უძრავ ქონებაში ინვესტირების, უძრავ ქონების შეფასების და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში, გადასახდების რეგულირების განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
დღესვე გაიხსნა პირველი საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია – IEC 2013 – ,,ეროვნული ეკონომიკის განვითარების მოდელები: გუშინ, დღეს და ხვალ“. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურქტურის მინისტრი დავით ნარმანია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ღავთაძე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ეკა კერესელიძე.
კონფერენციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის საინჟინრო-ეკონომიკის დეპარტამენტის ეკონომიკური განვითარებისა და მისი სამართლებრივი უზრუნველყოფის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ატარებს. ღონისძიების ორგანიზატორია საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტის უფროსი, ჟურნალ “ბიზნეს-ინჟინერინგის” მთავარი რედაქტორი ალექსანდრე სიჭინავა.
კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებული მიმართულებებია: 1. მრეწველობის განვითარების ძირითადი მიმართულებები (ალტერნატიული ენერგეტიკა, ბიოტექნოლოგია და ა.შ.); 2. სოციალური სექტორის (ჯანდაცვა, განათლება, დაზღვევა და ა.შ.) თანამედროვე პრობლემები; 3. აგრარული სექტორის განვითარების სტრატეგიები; 4. ინფრასტრუქტურის განვითარების ძირითადი ასპექტები; 5. ტურიზმი - ეროვნული ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორი; 6. უძრავი ქონების ეკონომიკა; 7. მენეჯმენტი. ბიზნეს-პროცესების მართვა (ბიზნეს-ინჟინერინგი); 8. თანამედროვე მარკეტინგის უახლესი პრობლემები; 9. საბანკო საქმე, ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი; 10. ინვესტიციები და ინოვაციები, მათი კომერციალიზაცია. თავისუფალი ეკონომიკური ზონები და ტექნოპარკები; 11. სამართალი და პოლიტიკა; 12. საზოგადოების განვითარების ფილოსოფიური, სოციოლოგიური და ფსიქოლოგიური ასპექტები.
კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული, ინგლისური, რუსული. კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება ჟურნალში „ბიზნეს-ინჟინერინგი“.