საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორ ჯემალ ბახტაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ჩატარდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუ-ის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პერსპექტიული განვითარების სამსახურის უფროსი თამაზ ბაციკაძე, სტრუქტურული მთლიანობის მონიტორინგის და ექსპერტიზის მიმართულების ხელმძღვანელი მალხაზ წიქარიშვილი და სხვები.
ამასთან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, არჩილ ფრანგიშვილის მხარდაჭერით, I კორპუსში 424ა აუდიტორიას პროფესორ ჯემალ ბახტაძის სახელი მიენიჭა.
ჯემალ ბახტაძე იყო ცნობილი ქართველი მეცნიერი. იგი დაიბადა 1938 წელს, ხონში. 1955 წელს დაამთავრა ხონის I საშუალო სკოლა და ჩააბარა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, მექანიზაციის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1960 წელს, ამავე წელს ჩააბარა ასპირანტურაში. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1966 წელს, ხოლო სადოქტორო დისერტაცია 1988 წელს ქ. ლენინგრადში, ახლანდელ სანკტ-პეტერბურში – ზუსტი მექანიკისა და ოპტიკის ინსტიტუტში (ლიტმო). ბახტაძეს მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათ დოქტორის ხარისხი ორი შიფრით: “მანქანათა დინამიკა და სიმტკიცე~ და “ოპტიკური ხელსაწყოები~.
1968 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის “მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის~ #7 კათედრაზე ასისტენტად, 1970 წლიდან დოცენტის თანამდებობაზე, ხოლო 1988 წლიდან პროფესორის თანამდებობაზე. 1975 წლიდან მუშაობდა, აგრეთვე, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საღამოს სწავლების #1 ფაკულტეტზე დეკანის მოადგილის თანამდებობაზე. 1986-92 წლებში მუშაობდა საღამოს სწავლების #1 ფაკულტეტის დეკანად.
1989 წელს ჯემალ ბახტაძემ გამოიჩინა ინიციატივა თემქის კორპუსში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (სახელწოდებით, “კონსტრუქციების დაზიანების ტექნიკური დიაგნოსტიკა~) გახსნის შესახებ.
1993 წლის 13 მაისს, ბახტაძის ინიციატივითა და დიდი საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნა “კონსტრუქციების დაზიანების ტექნიკური დიაგნოსტიკის და ექსპერტიზის~ #122 კათედრა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა ჯემალ ბახტაძე. წელს ამ კათედრის 20 წლის იუბილეა.
ჯემალ ბახტაძე იყო საქართველოს საინჟინრო აკადემიის, წევრ-კორესპონდენტი 1992 წლიდან და ნამდვილი წევრი 1996 წლიდან. მისი ინიციატივითა და საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტის აკადემიკოს ივერ ფრანგიშვილის მხარდაჭერით, საინჟინრო აკადემიაში გაიხსნა “სტრუქტურული მთლიანობის მონიტორინგისა და ექსპერტიზის~ განყოფილება 2001 წელს, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა ჯემალ ბახტაძე.
პროფესორ ჯემალ ბახტაძეს გამოქვეყნებული აქვს 200-მდე სამეცნიერო შრომა, მათ შორის 64 გამოგონება, ორი მონოგრაფია და სახელმძღვანელო, იყო სნგ-ს სივრცეში “საგანგებო სიტუაციების, გაფრთხილების და ლიკვიდაციის სახელმწიფოთაშორისი საბჭოს~ წევრი საქართველოდან. მისი სამუშაოები შეტანილი იყო პროგრამაში “უსაფრთხოება~. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.
ბახტაძის ხელმძღვანელობით დაცულია ორი სადოქტორო და რვა საკანდიდატო დისერტაცია.
ჯემალ ბახტაძემ, თავის მოწაფეებთან ერთად, შექმნა ორი სამეცნიერო-ტექნიკური მიმართულება: პირველი – ბოჭკოვან-ოპტიკური გადამწოდები დეფორმაციების გასაზომად და მეორე – ლაზერული მიკროაფეთქებით მიღებული ძალოვანი ველის ეფექტური გამოყენების სფერო ტექნოლოგიური პროსებში.
ჯემალ ბახტაძემ საავტორო უფლება მიიღო პირველ გამოგონებაზე 1965 წელს “მოწყობილობა დეფორმაციის გასაზომად ბოჭკოვან-ოპტიკური შუქსატარებით~, მას მოჰყვა გამოგონებების სერია, ანუ იგი ავითარებდა თავის გამოგონებებს. შექმნა სხვადასხვა ტიპის ბოჭკოვან-ოპტიკური გადამოწოდები დეფორმაციის გასაზომად, დამყარებული სინათლის პარამეტრებზე, როგორიცაა ინტენსივობა, ამპლიტუდა, ფაზა და პოლარიზაცია. 1984 წელს მისმა გამოგონებამ (დეფორმაციის ვიდეო-ოპტიკური გამზომი) ბულგარეთში, ქ. პლოვდივში საერთაშორისო გამოფენაზე, დიდი ოქროს მედალი მიიღო, ხოლო 1987 წელს ქ. მოსკოვში (ვდნხზე) გამოფენაზე 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი. ბახტაძემ შექმნა ბოჭკოვან-ოპტიკური გადამწოდების ტიპები და ამის შემდეგ დაიწყო ფიქრი მათ ჩადებაზე ან განლაგებაზე კონსტრუქციებში. 90-იან წლებში სერიოზულად მუშაობდა ამ მიმართულებით და შექმნა ბოჭკოვან-ოპტიკური გადამწოდების კონსტრუქციებში ჩადების და მათზე განლაგების ხერხები და მეთოდები. ეს მიმართულება დღეს განსაკუთრებით აქტუალურია. ბოჭკოვან-ოპტიკური გადამწოდები ჩადებულია განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ობიექტებში, მათი ქცევის შესაფასებლად და ავარიების თავიდან ასაცილებლად.
ბახტაძე დოკუმეტურად ამტკიცებდა, რომ მან პირველმა შექმნა ბოჭკოვან-ოპტიკური გადამწოდი დეფორმაციის გასაზომად. იაპონელმა მეცნიერმა ოოკოსიმ გამოსცა წიგნი 1988 წელს, სადაც მოყვანილი აქვს ისტორია ბოჭკოვან-ოპტიკური გადამწოდების შექმნის შესახებ და ასახელებს 1971 წელს, როდესაც გაიცა პირველი პატენტი ბოჭკოვან-ოპტიკური გადამწოდი დეფორმაციის გასაზომად. ოოკოსის არ ჰქონდა ინფორმაცია საბჭოთა კავშირში გაცემულ საავტორო უფლებებზე, ან შეგნებულად არ მოიხსენია იგი. ამ დარგის სპეციალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ ჯემალ ბახტაძის მიერ 1965 წელს შექმნილი გამოგონება არის პირველი დეფორმაციის გასაზომი ბოჭკოვან-ოპტიკური გადამწოდი.