|
7-11-2010, 14:17
8 ნოემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის გ. ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართება საზეიმო ცერემონიალი, რომელიც ეძღვნება საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის, იუნესკოს გენერალური მდივნის მრჩევლის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის გოჩა ჩოგოვაძის დაჯილდოებას საფრანგეთის ორდენით – “ხელოვნებისა და სიტყვიერების ოფიცერი”.
ჯილდოს საფრანგეთის ხელოვნებათა და ფერწერის აკადემიის მდივანი არნო დოტრივი გადასცემს.
გოჩა ჩოგოვაძე დაიბადა 1941 წლის 11 იანვარს ქუთაისში, ცნობილი ენერგეტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ გიორგი ჩოგოვაძის ოჯახში. 1958 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისის 56-ე საშუალო სკოლა და ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და ტელემექანიკის ფაკულტეტზე. 1963 წელს წარჩინებით დაამთავრა ინსტიტუტი. 1964-67 წლებში გამოთვლითი ტექნიკის კათედრაზე გაიარა ასპირანტურის კურსი. 1968 წელს წარმატებით დაიცვა დისერტაცია ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად. შემდგომ წლებში მუშაობდა გამოთვლითი ტექნიკის კათედრაზე ასისტენტის, უფროსი მასწავლებლისა და დოცენტის თანამდებობაზე.
1971 წელს ჩოგოვაძის თაოსნობით საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დაარსდა მართვის ავტომატიზებული სისტემების კათედრა, რომლის პირველ გამგედ იგი აირჩიეს. 1975 წელს წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, ხოლო 1976 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. 1976 წლიდან ხელმძღვანელობდა კათედრასთან არსებულ დარგობრივ კვლევით ლაბორატორიას.
გოჩა ჩოგოვაძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის სამრეწველო ობიექტების მართვის ავტომატიზებული სისტემების შექმნის და გაანგარიშების თეორიასა და პრაქტიკაში. იგი მართვის ავტომატიზებული სისტემების ქართული სკოლის ფუძემდებელია. მისი სამეცნიერო კვლევები ისეთ ფუნდამენტურ მიმართულებას შეეხება, როგორიცაა კომპიუტერული მეცნიერება, სახელდობრ - ხელოვნური ინტელექტი. ამ სფეროში მოპოვებული კვლევითი შედეგებიდან აღსანიშნავია რელაციურ დამოკიდებულებათა თეორია, მონაცემთა ბაზის ლოგიკური სქემების ავტომატიზებული დაპროექტება, ინტელექტუალური კომპიუტერული სასწავლო სისტემების ანალოგიური მანქანების დისკრეტული იმიტატორი, გადაწყვეტილებათა მიღების სემიოტური სისტემები, შეტყობინებათა დანაკარგის ალბათობის გამოთვლის მეთოდი, ექსპერტული სისტემების ავტომატიზებული დაპროექტების კონცეპტუალური მეთოდები და სხვა.
ჩოგოვაძის სამეცნიერო მოღვაწეობის შედეგები თავმოყრილია 20 მონოგრფიაში, 6 გამოგონებასა და 100-ზე მეტ სამეცნიერო ნაშრომში, რომელთაგან ბევრი გამოქვეყნებულია აშშ-ში, რუსეთში, ინგლისში, ჩინეთში, ჰოლანდიაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში. იგი მრავალი საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი და სადოქტორო დისერტაციის კონსულტანტი იყო.
1981-1986 წლებში ჩოგოვაძე მუშაობდა საფრანგეთში, პარიზში იუნესკოს განათლების სექტორის ინფორმატიკის განყოფილების უფროსად. 1986-1988 წლებში იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს კპ ცკ-ის განათლებისა და მეცნიერების განყოფილებას, წლების განმავლობაში იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
1988 წლის ბოლოს ჩოგოვაძე აირჩიეს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორის თანამდებობაზე. ქვეყნის საინჟინრო განათლებისა და მეცნიერების ამ უმთავრეს კერას იგი 1994 წლამდე უძღვებოდა. ეს პერიოდი დაემთხვა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას და ქვეყანაში ახალი სოციალ-პოლიტიკური წყობის დამკვიდრებას. ჩოგოვაძის დამსახურებად უნდა ჩაითვალოს საუნივერსიტეტო განათლების თანამედროვე პრინციპების დამკვიდრების დაწყება საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომელმაც 1990 წლის 5 იანვარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტატუსი მიიღო. 1990 წლის 14 სექტემბერს სამეცნიერო საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტონომიის დეკლარაცია. სწორედ ამ პერიოდში განხორციელდა საინჟინრო განათლების პარალელურად ჰუმანიტარული სპეციალობების დაფუძნება. გაიხსნა ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი, სადაც მოწვეულ იქნენ თვალსაჩინო მეცნიერები და სპეციალისტები, გაიხსნა ახალი კათედრები, სწავლება თანამედროვე ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე გადავიდა.
1992 წელს საფუძველი ჩაეყარა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავიაციო ინსტიტუტს, რომელიც ამ დარგის მაღალკვალიფიციურ კადრებს უშვებს.
განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს გოჩა ჩოგოვაძის, როგორც რექტორის, ღვაწლი მსოფლიოს წამყვან საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრებთან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაკავშირებასა და საქმიანი კონტაქტების გაღრმავებაში.
მეცნიერების განვითარების საქმეში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისთვის პროფესორი გ. ჩოგოვაძე 1988 წელს არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად და პრეზიდიუმის წევრად, ხოლო 1993 წელს - ნამდვილ წევრად.
აკადემიკოსი გ. ჩოგოვაძე საერთაშორისო ტექნიკური ასოციაციებისა და ორგანიზაციების კავშირის პირველი ვიცე-პრეზიდენტია. არჩეულია საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის ვიცე-პრეზიდენტად, რუსეთისა და ჩეხეთის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორად და მრავალი საერთაშორისო აკადემიის წევრად.
1994 წელს აკადემიკოს გ. ჩოგოვაძეს განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პოლიტიკური მისია დაეკისრა. წარგზავნილ იქნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად საფრანგეთსა და ესპანეთის სამეფოში. ამ მაღალ დიპლომატიურ თანამდებობაზე აკადემიკოს ჩოგოვაძის მიზანმიმართული მოღვაწეობის შედეგია საფრანგეთისა და ესპანეთის სამეფოს, აგრეთვე, მსოფლიოს სხვა სახელმწიფოების მთავრობათა თანადგომა საქართველოსადმი და საქმიანი წრეების დაინტერესება ჩვენი ქვეყნით.
გოჩა ჩოგოვაძის რეკომენდაციით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი “ფრანკოფონიის” წევრი გახდა, ხოლო 2002 წელს საფუძველი ჩაეყარა ფრანგულ-ქართულ ინსტიტუტს, სადაც მზადდება კადრები ინფორმატიკისა და ეკონომიკის სპეციალობებში.
გამოჩენილი ქართველი მეცნიერი დაჯილდოებულია საპატიო ნიშნითა და ღირსების ორდენებით. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის დაბადებიდან 60 წლისთავთან დაკავშირებით იგი 2001 წელს უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდოთი - გიორგი ნიკოლაძის სახელობის მედლით დაჯილდოვდა. |
|