|
14-05-2014, 18:18
საქართველოში ლიტვური პოეზიის ფესტივალი “პოეზიის გაზაფხული“ ტარდება. 16 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებულ ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრში (სტუ, მე-9 კორპუსი, მე-2 სართული) “პოეზიის დღესასწაული” მოეწყობა. ღონისძიება ლიტვური პოეზიის ფესტივალის ფარგლებში ტარდება. 19:00 საათზე კი კაფე "ფრონტლაინში" (თაყაიშვილის ქუჩა #3) კრებულის – “თანამედროვე ლიტვური პოეზია” – პრეზენტაცია გაიმართება.
17 მაისს, 11:00 საათზე, ვილნიუსის სახელობის სკვერში ფესტივალი “პოეზიის გაზაფხული” საზეიმოდ გაიხსნება. 17:00 საათზე “კავკასიურ სახლში” (გალაკტიონის ქ. 20) ლიტველ და უკრაინელ პოეტთა ლექსების კრებულის –“ჰორიზონტს იქით” – პრეზენტაცია იგეგმება.
18 მაისს, 12:00 სათზე, “პოეზიის დღესასწაული” ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში გაგრძელდება (დუშეთი, ჩარგალი).
ღონისძიებაში მონაწილეობენ ვლადას ბრაზიუნასი, ლიუტაურას დეგესისი, მარიუს ბუროკასი, დონატას პეტროშიუსი, ნინო სადღობელაშვილი, მარიამ წიკლაური, ვასილ გულეური, დავით რობაქიძე, გაგა ნახუცრიშვილი, ირაკლი კაკაბაძე, რუსუდან კაიშაური, ნატო ინგოროყვა, ილია კილაძე, ელა გოჩიაშვილი, ეკა ქევანიშვილი, მაკა ლდოკონენი, დინარა კასრაძე, ტარიელ ხარხელაური, ჯარჯი ფხოველი, ლია ლიქოკელი, მიხო მოსულიშვილი, შოთა იათაშვილი, მარიამ ხუცურაული. ღონისძიებას გააფორმებენ მუსიკალური ჯგუფები: დები ნაყეურები, დები გოგოჭურები, ანსამბლი “არილი” და ნინო ბაშარული.
პროექტი ინიცირებულია “კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის“ – “კავკასიური სახლის“ ლიტვური ლიტერატურის მთარგმნელის, ნანა დევიძის მიერ და ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში. ღონისძიების კოორდინატორები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ვიდას კავალიაუსკასი, პოეტი მარიამ წიკლაური და ლიტვური ლიტერატურის კურატორი და მთარგმნელი ნანა დევიძე.
ყოველწლიური ლიტვური ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ლიტველ პოეტთა ოთხკაციანი დელეგაცია ეწვევა. ლიტველი პოეტები შეხვდებიან ქართველ კოლეგებს, მოინახულებენ თბილისის ღირსშესანიშნაობებს და გამართავენ რამდენიმე პოეტური კრებულის პრეზენტაციას.
საერთაშორისო ფესტივალი “პოეზიის გაზაფხული“ ლიტვაში ყოველწლიურად ტარდება და მასში სხვადასხვა ქვეყნიდან მიწვეული პოეტები მონაწილეობენ. ბოლო რამდენიმე წელია, ღონისძიება ლიტვის ფარგლებს გასცდა და სხვა ქვეყნებშიც იმართება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ლიტუანისტიკის ცენტრი. ლიტვური ენის შემსწავლელი ცენტრი საქართველოში ორი წლის წინ ლიტვის რესპუბლიკის ელჩმა იონას პასლაუსკასმა გახსნა. ნებისმიერ სტუდენტს როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, ისე სხვა სასწავლო დაწესებულებებიდან, ასევე ყველა მსურველს, რომელსაც უნდა, შეისწავლოს ლიტვური ენა, აქვს საშუალება, უფასოდ დაესწროს ლექციებს. სალექციო კურსს კითხულობს ლიტვიდან სპეციალურად მოწვეული პროფესორი ვიდას კავალიაუსკასი. ორგანიზატორთა განცხადებით, ლიტვური ენის შემსწავლელი ცენტრის ფუნქციონირება ქართულ-ლიტვური კონტაქტების გაღრმავებას უწყობს ხელს. აღნიშნული ინიციატივა ეკუთვნის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, დაფინანსება კი ლიტვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განახორციელა.
აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული მიღწევების მქონე ახალგაზრდები ლიტვის მთავრობისგან სტიპენდიას იღებენ. პროექტის პირველ ეტაპზე ფინანსდებიან ის სტუდენტები, რომლებიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებულ ლიტვური ენის შემსწავლელ ცენტრში ენის კურსს გადიან. |
|