|
18-01-2010, 00:50
18 იანვარს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის წინ გაიხსნება გამოჩენილი ქართველი მომღერლის, ცისანა ტატიშვილის ვარსკვლავი. ვარსკვლავის გახსნამდე კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება ამ მოვლენისადმი მიძღვნილი ცერემონიალი _ შედგება რეჟისორ სალომე კობახიძის ფილმის, "ცისანას" პრეზენტაცია და გაიმართება საზეიმო კონცერტი ოპერის სოლისტების, ცისანა ტატიშვილის სტუდენტების, ოპერის თეატრის გუნდისა და ორკესტრის მონაწილეობით (დირიჟორი _ რევაზ ტაკიძე). ცისანა ტატიშვილი არის საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის და ზაქარია ფალიაშვილის პრემიების ლაურეატი, ჰუმანიტარული აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ღირსების ორდენოსანი, შვეიცერის მედლის მფლობელი. ცისანა ტატიშვილის მდიდარი რეპერტუარი მოიცავს ისეთ საოპერო პარტიებს, როგორებიცაა აიდა, ამნერისი, ლეონორა, ამელია, დეზდემონა, ებოლი, სანტუცა, რენატა, ტოსკა, ორტრუდა, სალომეა, ტატიანა, ლიზა, ეთერი, მარო და სხვა, აგრეთვე სოპრანოს პარტიებს ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიაში, ვერდის რეკვიემსა და პერგოლეზის Stabat Mater-ში. ცისანა ტატიშვილი მღეროდა გერმანიის, ინგლისის, იტალიის, ესპანეთის, პორტუგალიის, ავსტრიის, შვედეთის, საფრანგეთის, ჩეხეთის, პოლონეთის, ბულგარეთის, საბერძნეთის და საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქის საოპერო თეატრებში. მის შემოქმედებას მუდამ აღმატებულ შეფასებებს აძლევდა ქართული თუ უცხოური პრესა. მისი ჩანაწერები გამოიცა ვენაში, მოსკოვსა და თბილისში. ცისანა ტატიშვილი ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, არის აკადემიური სიმღერის ფაკულტეტის პროფესორი. |
|