|
3-12-2014, 16:24
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა სამინისტროში საქართველოს ძალისმიერი სამჭიდის პრეზიდენტ ზურაბ თავართქილაძესა და სპორტსმენ ალექსანდრე ჯოხაძეს (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი) უმასპინძლა. ქართველმა სპორტსმენებმა მინისტრს წარმატებებისა და მიღწევების შესახებ ინფორმაცია მიააწოდეს. მინისტრმა სამჭიდელებთან საქართველოში სპორტის ამ სახეობის სამომავლო განვითარებისა და პერსპექტივის შესახებ იმსჯელა და სამინისტროს მხრიდან მხარდაჭერას დაჰპირდა.
სამჭიდელებმა წლის მიწურულს უკრაინის დედაქალაქ კიევში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა, სადაც 35 ქვეყნის წარმომადგენლები ასპარეზობდნენ. საქართველო ჩემპიონატზე 10 სპორტსმენით წარდგა და დიდ წარმატებას მიაღწია. ჯამში, სხვადასხვა წონით კატეგორიასა და დისციპლინაში მოპოვებულია 13 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი. ქართველი სპორტსმენები ერთ კაცზე მედლებს რაოდენობის მხრივ პირველ ადგილზე გავიდნენ.
ევროპის ღია ჩემპიონატი ძალისმიერ სამჭიდში, ორჭიდში, წოლჟიმსა და ამოწევაში უკრაინაში, კიევში ჩატარდა. მასში მონაწილეობდნენ სპორტსმენები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. საქართველოს სახელით შეჯიბრებაში, სხვებთან ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორი სტუდენტიც გამოდიოდა: ინფორმატიკისა და მართვის სისტემების მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი ალექსანდრე ჯოხაძე და სამშენებლო ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ამირან ჯაჯანიძე.
ალექსანდრე ჯოხაძემ მოიპოვა 3 ოქროს მედალი: წოლჭიმში, ამოწევასა და ორჭიდში, დაამყარა 5 რეკორდი, აქედან 3 - ევროპის რეკორდი წოლჭიმში, ამოწევასა და ორჭიდში, 2 - მსოფლიო რეკორდი ამოწევასა და ორჭიდში. ამირან ჯაჯანიძემ საქართველოში ჩამოიტანა 3 ოქროს მედალი: წოლჭიმში, ამოწევასა და ორჭიდში, 1 ვერცხლი სამჭიდში. დაამყარა 3 რეკორდი, აქედან 2 ევროპის - ამოწევასა და ორჭიდში, 1 - მსოფლიო რეკორდი ორჭიდში.
სტუ-ის სტუდენტების გარდა, ძალოსნობის ჩემპიონატში საქართველოს სახელით წარმატებით მონაწილეობდნენ მსოფლიო რეკორდსმენი, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი სამჭიდში გიორგი დავითაშვილი, ზურაბ ჭავჭანიძე, ზურაბ თავართქილაძე, კახა თეთრაძე, თორნიკე მინდიკაური, დავით ჩითინაშვილი, ემზარ ქილიფთარი. გუნდის ხელმძღვანელი იყო გიორგი დავითაშვილი.
როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აღნიშნავენ, ერთ სპორტსმენზე მედლების რაოდენობის მხრივ, საქართველო პირველ ადგილზე გავიდა. საერთო ჯამში, მედლების რაოდენობის მხრივ - მეორეზე, უკრაინის შემდეგ, თუმცა აღსანიშნავია, რომ უკრაინიდან ბევრად მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა, ვიდრე საქართველოდან.
"ჩვენი გულშემატკივრები იყვნენ ადგილობრივი დიასპორის წარმომადგენლები. ამასთან, უკრაინელთა დიდი ნაწილიც ჩვენ გვიჭერდა მხარს", - აღნიშნა ალექსანდრე ჯოხაძემ და დასძინა, რომ ღონისძიებაში მონაწილეობა განხორციელდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით.
"ფინანსურად უზრუნველგვყო ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, დანამატებითა და სპორტული ინვენტარით - სპორტული კვების მაღაზია "GSN"-მა. აუცილებლად უნდა გადავუხადოთ მადლობა ფიტნესცენტრ "ასპრიას" საუკეთესო სავარჯიშო პირობებისთვის. მადლობა, ასევე, სტუ-ის ხელმძღვანელობას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან, კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ბორის გითოლენდიას, რომელმაც თვითონ შეგვამჩნია, ასე ვთქვათ, "აღმოგვაჩინა" და ხელი შეგვიწყო დიდ ასპარეზზე გასვლაში", - განაცხადა ამირან ჯაჯანიძემ.
ალექსანდრე ჯოხაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტია. ვარჯიში დაიწყო სტუ-ის დარბაზში. არაერთხელ მიიღო მონაწილეობა უნივერსიადებსა და სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში, აქციებში. აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ჯოხაძე კარგად უთავსებს ერთმანეთს სპორტსა და სამეცნიერო საქმიანობას: არის სამტომეულის თანაავტორი. სახელმძღვანელო "ელექტრონული სქემების მოდელირება კომპიუტერზე" და "სქემოტექნიკური მოდელირების პროგრამა Multisim 10" მან პროფესორ ვასილ კუციავასთან ერთად გამოსცა. ერთი სემესტრის განმავლობაში კითხულობდა ლექციებს სტუდენტების გადამზადების პროექტში თემაზე - "კომპიუტერული არქიტექტურა". ალექსანდრე ჯოხაძე ამჟამად სტაჟირებას გადის "ელექტრონიქს-07"-ში. მუშაობს, ძირითადად, მონტაჟზე.
ამირან ჯაჯანიძე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი. მუშაობს სპორტული კვების მაღაზიაში მენეჯერად. აქვს მცირე ბიზნესი.
ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობას მომავალშიც გეგმავენ.
პაუერლიფტინგი (ინგლისურად - Powerlifting; Power - ძალა; Lifting - აწევა) ათლეტიზმის ძალოსნური სახეობაა, რომლის არსი სხვადასხვა მოძრაობით სიმძიმეების აწევაში მდგომარეობს. პაუერლიფტინგში შედის სამი მოძრაობა: ჩაჯდომა, წოლჭიმი და ამოწევა, რის გამოც მას კიდევ ერთ სახელს, ძალისმიერ სამჭიდს უწოდებენ.
პაუერლიფტინგი ძალოსნობის ზოგიერთი ვარჯიშის განვითარების შედეგად წარმოიშვა და მასში, ისევე როგორც ძალოსნობაში, სიმძიმედ შტანგა გამოიყენება. მიუხედავად იმისა, რომ ძალისმიერ სამჭიდსა და ძალოსნობას შორის ბევრი მსგავსებაა, სპორტის ეს სახეობები ერთმანეთისგან მაინც ძირეულად განსხვავდება. ძალისმიერ სამჭიდში ათლეტმა შტანგა მხოლოდ ფიზიკური ძალის ხარჯზე უნდა აწიოს, მაშინ, როცა ძალოსნობაში ათლეტი, ფიზიკური ძალის გარდა, იყენებს აწევის ტექნიკას, სისწრაფეს, კოორდინაციას, ელასტიკურობას, მოქნილობასა და სხვა თვისებებს.
ძალისმიერი სამჭიდის შეჯიბრებებზე მოძრაობები დადგენილი თანმიმდევრობით უნდა შესრულდეს: I - ჩაჯდომა, II - წოლჭიმი და III - ამოწევა. სპორტსმენების შეფასება და გამარჯვებულის გამოვლენა ხდება სამივე მოძრაობით დაძლეული სამჭიდის ჯამური შედეგით, თუმცა სხვადასხვა რანგის შეჯიბრებებზე ზოგჯერ გამარჯვებულებს ცალკეულ ერთ ან ორ მოძრაობაში გამოავლენენ. ძალისმიერი სამჭიდის ერთ-ერთ მოძრაობაში, კერძოდ კი წოლჭიმში, ტარდება ცალკე შეჯიბრებები. ზოგიერთ ტურნირზე, აღნიშნული მოძრაობების გარდა, დამატებულია ბიცებსებით წონის აწევა ან წოლჭიმი გამეორებებით, რაც, ძირითადად, არაოფიციალურ ან საჩვენებელ ხასიათს ატარებს.
შეჯიბრების დროს ყველა მონაწილეს თითოეულ მოძრაობაში წონის დასაძლევად 3 ცდის უფლება ეძლევა. გამონაკლისის სახით, მე-4 ცდის უფლება ეძლევა იმ სპორტსმენს, რომელიც სარეკორდო წონის აწევას მოითხოვს. ათლეტების მიერ თითოეულ მოძრაობაში შესრულებული 3 ცდიდან საუკეთესო შედეგები სამჭიდის ჯამში იკრიბება. მე-4 სარეკორდო ცდის შედეგი, მართალია, რეკორდად დაფიქსირდება, მაგრამ სამჭიდის ჯამში არ შეიტანება.
ძალისმიერი სამჭიდის შეჯიბრებები ტარდება როგორც მამაკაცებში ისე ქალებში, ასაკობრივი და წონითი კატეგორიების მიხედვით. |
|