საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. ტარას შევჩენკოს ნაციონალურ უნივერსიტეტში (კიევი, უკრაინა) ჩატარდა X საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია Shevch́nkivska Vesńa-2013. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაცია და კიევის ტარას შევჩენკოს ნაციონალური უნივერსიტეტი.
ღონისძიებაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოთხი სტუდენტი მონაწილეობდა: ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ურთიერთობების მიმართულების მაგისტრატურის მე-2 კურსის სტუდენტი თათია ადამაშვილი, იმავე ფაკულტეტის რეგიონმცოდნეობის მიმართულების მაგისტრატურის 1-ლი კურსის სტუდენტი გივი კლდიაშვილი, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ბაკალავრიატის 1-ლი კურსის სტუდენტი თეონა გველესიანი და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი ნინო ადამაშვილი. აღნიშნული სტუდენტების ნაშრომები მოიწონა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტმა და სტუდენტებმა მიიღეს მიწვევა კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტში.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მონაწილის, თათია ადამაშვილის ნაშრომმა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების განათლების თემას შეეხებოდა, განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.
“შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილება მე-20 საჯარო სკოლაში მივიღე, სადაც ფსიქოლოგად ვმუშაობ. კონფერენციაზე წარდგენილი მასალა, ძირითადად, ჩემს კვლევებს ეყრდნობოდა. კიევში ამ თემამ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. შევჩენკოს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ამ საკითხზე ჩემგან ინტერვიუ აიღეს”, - განაცხადა თათია ადამაშვილმა.
თათია ადამაშვილს კიევის შევჩენკოს უნივერსიტეტში გააკეთებინეს დამატებითი პრეზენტაცია და განსაკუთრებული პრიზით დააჯილდოვეს.