|
19-04-2012, 00:49
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები უკრაინაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერეციაში მონაწილეობენ.
საერთაშორისო თეორიული და პრაქტიკული კონფერენცია "International Cooperation: State and Development Prospects" კიევის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში 18 აპრილს გაიხსნა და 22 აპრილს დასრულდება. კონფერენციის თემატიკა მოიცავს ახალგაზრდული ორგანიზაციების როლს თანამედროვე მსოფლიოს ეკონომიკური და სოციალური საკითხების გადაწყვეტაში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან კონფერენციაში მონაწილეობენ ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტები ოთარ თევდორაძე (თემა: "საქართველო და მსოფლიო") და თათია ადამაშვილი (თემა: "ახალგაზრდული ორგანიზაციების როლი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების სოციალიზაციის პროცესში").
ქართველი სტუდენტები შეხვდებიან კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორს, მიხაილ ზგუროვსკის, დაათვალიერებენ კიევის ღირსშესანიშნაობებს. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება. მუშაობს რამდენიმე სამეცნიერო სექცია.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებმა უკრაინაში გამართულ სტუდენტურ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა. ქართველი ახალგაზრდები უკრაინაში კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორის, მ. ზგუროვსკის მიწვევით იმყოფებოდნენ.
გასულ წელსვე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სტუდენტური ფორუმი ,,აღმოაჩინე საქართველო“, რომელშიც კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. ფორუმი გახსნა სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა. მოხსენებით გამოვიდნენ ვერონიკა ნაროზნიაკი (პოლონეთი), იგორ ბრიჟატი (უკრაინა), ლაშა ვაშაკიძე (საქართველო). ფორუმის მიზანი იყო უკრაინის, პოლონეთისა და საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტების ურთიერთობის გაღრმავება და ჩართვა სტუდენტურ აქტივობაში. უცხოელს სტუდენტებს მეგზურობას უწევდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის წარმომადგენლები ნინო ცომაია, ნათია კორაშვილი, რიტა სეროფიანი და სხვები. |
|