|
23-03-2015, 17:41
26 მარტს, 17:00 საათზე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულ პირებს იწვევს საჯარო ლექციაზე „კლიმატის გლობალური ცვლილება და ახლად წარმოქმნილი ინფექციური დაავადებები“. ლექციას წაიკითხავს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანი, მეცნიერებათა დოქტორი, სტენლი მალოი.
ლექცია ჩატარდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, რუსთაველის გამზირი 3 (შესასვლელი ფურცელაძის ქუჩიდან). უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი. დასწრება თავისუფალია.
შეგახსენებთ: სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიურ საბაკალავრო პროგრამებს განახორციელებს. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, პროექტში მონაწილეობენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
აღნიშნული უნიკალური საგანმანათლებლო პროექტის შედეგად, კურსდამთავრებულები საქართველოში მიიღებენ ამერიკულ დიპლომებს საინჟინრო, ტექნოლოგიურ და საბუნებისმეტყველო სპეციალობებში. პროექტი ხორციელდება საქართველოსა და აშშ-ის შორის 2013 წელს ხელმოწერილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში, რაც ითვალისწინებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში პროექტების განხორციელებას. |
|