|
21-04-2015, 12:15
22 აპრილს, 17:30 სთ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს ორგანიზებით, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი,ენერგეტიკის კვლევებისა და გარემოს დაცვის ცენტრის დირექტორი, მეცნიერებათა დოქტორი, ალან სვიდლერი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ენერგეტიკა, კლიმატის ცვლილება და უსაფრთხოება 21-ე საუკუნეში“.
ლექცია ჩატარდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში (რუსთაველის გამზირი 3, შესასვლელი ფურცელაძის ქუჩიდან). შეგახსენებთ: სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიურ საბაკალავრო პროგრამებს განახორციელებს. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, პროექტში მონაწილეობენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. აღნიშნული უნიკალური საგანმანათლებლო პროექტის შედეგად, კურსდამთავრებულები საქართველოში მიიღებენ ამერიკულ დიპლომებს საინჟინრო, ტექნოლოგიურ და საბუნებისმეტყველო სპეციალობებში. პროექტი ხორციელდება საქართველოსა და აშშ-ის შორის 2013 წელს ხელმოწერილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში, რაც ითვალისწინებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში პროექტების განხორციელებას. |
|