|
16-04-2015, 23:21
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველო დაინტერესებულ პირებს იწვევს საჯარო ლექციაზე: „ენერგეტიკა, კლიმატის ცვლილება და უსაფრთხოება 21-ე საუკუნეში“. ლექციას წაიკითხავს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ენერგეტიკის კვლევებისა და გარემოს დაცვის ცენტრის დირექტორი, მეცნიერებათა დოქტორი, ალან სვიდლერი.
22 აპრილი, 17:30, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, რუსთაველის გამზირი 3 (შესასვლელი ფურცელაძის ქუჩიდან).
პროფესორი სვიდლერი ლიდერია ენერგეტიკული პოლიტიკის ჩამოყალიბების სფეროში და 30-ზე მეტი წლის განმავლობაში იკვლევს ენერგეტიკის საკითხებს სან-დიეგოს რეგიონსა და მექსიკაში. ის იყო სან დიეგოს ენერგეტიკის რეგიონული ოფისის დამფუძნებელთა საბჭოს წევრი და დირექტორი. ამჟამად ის Clean Tech San Diego-ს დირექტორთა საბჭოს წევრია, სამრეწველო სავაჭრო ცენტრის, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების დამკვიდრებას ემსახურება; პროფესორი სვიდლერი კალიფორნიის ენერგეტიკის კომისიის ენერგეტიკული ინოვაციების მცირე გრანტების პროგრამის დირექტორიცაა. ამ პროგრამის ბიუჯეტი 5 მილიონი დოლარია, ის მცირე გრანტებს გასცემს ახალი, ინოვაციური კვლევებისთვის ენერგეტიკული ტექნოლოგიების სფეროში.
პროფესორი სვიდლერი SDSU-ში 1980 წელს გადმოვიდა, მანამდე მკვლევარი ფიზიკოსი იყო ბრუკჰავენის ეროვნულ ლაბორატორიაში და ზეგამტარებზე რადიაციის გავლენებს იკვლევდა. 1985 წელს ამერიკის ფიზიკოსთა საზოგადოებამ ის აირჩია კონგრესში გასაგზავნ ორ მეცნიერ თანამშრომელს შორის, ის აშშ-ის სენატში მუშაობდა ენერგეტიკის, წყალმომარაგებისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე. 1987წელს მან მოიპოვა კარნეგის ფონდის სამეცნიერო სტიპენდია საერთაშორისო უსაფრთხოებისა და შეიარაღების კონტროლის სტენფორდის ცენტრში. 1990-იანი წლების დასაწყისში კი მიწვეული მკვლევარი იყო კალიფორნიის უნივერსიტეტის გლობალური კონფლიქტისა და თანამშრომლობის ინსტიტუტში.
უკანასკნელ წლებში ის მუშაობს გარემოს გავლენებზე ენერგიის მოხმარებაზე, ენერგია-წყლის კავშირზე, კლიმატის ცვლილებასა და საერთაშორისო უსაფრთხოებაზე, განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების გავრცელებაზე სან დიეგოს რეგიონში.
შეგახსენებთ: სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიურ საბაკალავრო პროგრამებს განახორციელებს. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, პროექტში მონაწილეობენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
აღნიშნული უნიკალური საგანმანათლებლო პროექტის შედეგად, კურსდამთავრებულები საქართველოში მიიღებენ ამერიკულ დიპლომებს საინჟინრო, ტექნოლოგიურ და საბუნებისმეტყველო სპეციალობებში. პროექტი ხორციელდება საქართველოსა და აშშ-ის შორის 2013 წელს ხელმოწერილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში, რაც ითვალისწინებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში პროექტების განხორციელებას. |
|