|
26-01-2010, 13:27
/IPN/ ეროვნულ მუზეუმში გაიმართება წიგნის _ ”ქართული დაზგური ფერწერა XVIII ს-ის II ნახევარი, XX ს-ის 20-იანი წლები” _ პრეზენტაცია. წიგნის ავტორია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელოვნების მიმართულების უფროსი კონსერვატორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ირინა არსენიშვილი. აღნიშნილი გამოცემა პირველი სამეცნიერო ნაშრომია, რომელშიც ქართული ფერწერის მხატვრულ-სტილური თავისებურებანი განსაზღვრულია ევროპულ-რუსულ ხელოვნებასთან მიმართებაში. ახალი ქართული ფერწერის შედარებითი განხილვა ევროპულ-რუსულ მხატვრობასთან ქართულ ხელოვნებათმცოდნეობაში სპეციალური განხილვის საგანი ჯერ არ გამხდარა. როგორც კვლევის შედეგმა ცხადყო, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დაზგური მხატვრობა ევროპულთან შედარებით დაგვიანებით, XVIII ს-ის II ნახევარში ყალიბდება, ქართული ფერწერა სტილური თვალსაზრისით თანადროულ ევროპული მხატვრობის ტრადიციებში ჯდება და ამავე დროს ეროვნული თავისებურებით ხასიათდება. ნაშრომში განხილულია პირველი დაზგური სურათები პორტრეტის ჟანრში - მეფეთა და დიდებულთა წარმომადგენლები, ე. წ. თბილისური პორტრეტული სკოლის ფერწერა, პროფესიონალი მხატვრები: გიორგი მაისურაძე, რომანოზ გველესიანი, ალექსანდრე ბერიძე, გიგო გაბაშვილი, ალექსანდრე მრევლიშვილი, მოსე თოიძე, ნიკო ფიროსმანაშვილი და მეორე თაობის მხატვართა შემოქმედება - დიმიტრი შევარდნაძე, ვალერიან სიდამონ-ერისთავი, დავით კაკაბაძე, შალვა ქიქოძე, ლადო გუდიაშვილი, ქეთევან მაღალაშვილი, ელენე ახვლედიანი. წიგნი ინგლისურ ენაზე ნიუ-იორკის უმსხვილესმა საგამომცემლო სახლმა ”Science Publishers” -მა გამოსცა. |
|