|
2-11-2015, 23:19
12 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში საზეიმოდ გაიხსნება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ლოგისტიკის პირველი საბაკალავრო პროგრამა ორმაგი, ქართულ-გერმანული აკადემიური ხარისხით.
2015 წლის ოქტომბრიდან სამი გერმანული უნივერსიტეტისგან შემდგარმა კონსორციუმმა (ვილდაუს, ფლენსბურგისა და ბრანდერბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტები) და სტუ-ს ლოგისტიკის დეპარტამენტმა დაიწყეს ლოგისტიკის ორმაგდიპლომიანი გერმანულენოვანი საბაკალავრო პროგრამის განხორციელება. გერმანული კონსორციუმის ლიდერი ვილდაუს გამოყენებით მეცნიერებათა ტექნიკური უნივერსიტეტია (TH Wildau). პროგრამა ოთხწლიანია და მას გერმანიის აკადემიური გაცვლითი პროგრამა (DAAD) აფინანსებს.
კურსდამთავრებულებს შეეძლებათ ლოგისტიკის სხვადასხვა დარგში პროცესების ჩამოყალიბება, ანალიზი, იმპლემენტაცია და ოპტიმიზაცია. მათი მუშაობის სფერო მოიცავს შესყიდვებს, წარმოებასა და დისტრიბუციას არა ცალ-ცალკე, არამედ როგორც ინტეგრირებული პროცესების ჯაჭვს. გარდა ლოგისტიკის, ბიზნესადმინისტრირებისა და ეკონომიკის საფუძვლებისა, სასწავლო პროგრამა შედგება ლოგისტიკის 37 სხვადასხვა მოდულისგან (მაგალითად: საავტომობილო და სარკინიგზო ლოგისტიკა, საზღვაო გადაზიდვები, საპორტო ლოგისტიკა, სატრანსპორტო გადაზიდვები, ტვირთის დამუშავება, სასაწყობო სისტემები და ა.შ.).
პროგრამის ქართული მხარის ხელმძღვანელის, პროფესორ გიორგი დობორჯგინიძის განცხადებით, სასწავლო პროგრამის განუყოფელი ნაწილია ერთწლიანი სწავლება გერმანიაში. მეშვიდე სემესტრიდან სტუდენტები სწავლას გააგრძელებენ პარტნიორ გერმანულ უნივერსიტეტებში და გაივლიან პრაქტიკას გერმანულ კომპანიებში. პრაქტიკის ფარგლებში, ისინი გაეცნობიან გერმანული კომპანიების ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას, მათ სისტემურ გადაწყვეტილებებს, უახლეს ტექნოლოგიებსა და ეფექტურ სამუშაო პროცესებს. ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ, აღმოაჩინონ გერმანია, როგორც მოწინავე ლოგისტიკური ინფრასტრუქტურისა და ნოუ-ჰაუს მქონე ევროპის ლოგისტიკური ჰაბი. სტუდენტები, რომლებიც წარმატებით დაძლევენ სწავლებას გერმანიაში, მიიღებენ ვილდაუს უნივერსიტეტის დიპლომებს, სპეციალობით ინჟინერიის ბაკალავრი ლოგისტიკაში (Bachelor of Engineering in Logistics).
„პროგრამის უნიკალურობა ისაა, რომ იგი ორიენტირებულია პრაქტიკაზე და პასუხობს ადგილობრივი და საერთაშორისო ლოგისტიკური ბაზრების მოთხოვნებს. პროგრამა კომპანიებს აძლევს ფართო შესაძლებლობას, სწავლებისა და პრაქტიკის განმავლობაში, ასევე, სწავლის დასრულების შემდგომ მიზანმიმართულად მოიზიდონ სტუდენტები, აღმოაჩინონ ახალგაზრდა ტალანტები, გაუწიონ სპონსორობა და შესთავაზონ დასაქმების უნიკალური პერსპექტივები. ლოგისტიკის საბაკალავრო პროგრამის განხორციელებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოში ლოგისტიკისა და ტრანსპორტის სფეროს განვითარებისთვის და საქართველოს, როგორც რეგიონალური ლოგისტიკური ჰაბის, ჩამოყალიბებისთვის“, - განაცხადა გიორგი დობორჯგინიძემ.
როგორც დობორჯგინიძე აღნიშნავს, ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიებმა გამოხატეს უდიდესი ინტერესი პროგრამის მიმართ. ხელმოწერილია 25-ზე მეტი მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს პრაქტიკის ფარგლებში სტუდენტების აქტიურ ჩაბმას პროექტებში და მათი შემდგომი დასაქმების პერსპექტივებს.
TH Wildau გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრია, რომელიც გასულ წელს, მთელი გერმანიის მასშტაბით, სამეცნიერო დაწესებულებების ხუთეულში დასახელდა. იგი ფოკუსირებულია ბიზნესადმინისტრირებისა და ტექნიკური დისციპლინების ურთიერთდამოკიდებულების თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნაზე, ასევე, უახლეს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე. TH Wildau ამზადებს სპეციალისტებს შემდეგი მიმართულებებით: ეკონომიკა, ინფორმატიკა, სამართალმცოდნეობა, ინჟინერია. სამეცნიერო-კვლევითი კუთხით იგი თანამშრომლობს ისეთ ტექნოლოგიურ გიგანტებთან, როგორებიცაა: Daimler, BMW, Siemens, Sony, Fujitsu, ABB. |
|