|
9-02-2010, 14:42
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, დიმიტრი შაშკინი თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის 300-მდე მეთერთმეტე კლასის მოსწავლეს შეხვდა. მოსწავლეებმა პირადად მინისტრისგან მიიღეს ინფორმაცია, თუ რა ფორმით მოხდება გამოსაშვები 10 გამოცდის ჩაბარება და სად ჩაატარდება გამოცდები, რა მნიშვნელობა ექნება წარჩინებულებისთვის მინიჭებულ ოქროს მედალს და ა. შ.. კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმართულ შეხვედრაზე მინისტრმა მოსწავლეთა შეკითხვებს სრულად უპასუხა. მინისტრის განცხადებით, 2011 წლიდან, მეთორმეტე კლასელებს, რომელთაც ატესტატის აღება და უმაღლესი განათლების მიღება სურთ, საგამოცდო ცენტრებში არა ოთხ, არამედ ათ გამოცდას ჩააბარებენ. მოსწავლეს, რომელიც მინიმალური კომპენტენციის ზღვარს ვერ გადალახავს და ატესტატს ვერ მიიღებს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საშუალებას აძლევს საგნები მომდევნო წელს უფასოდ გადააბაროს. ხოლო მოსწავლეები, რომლთაც უმაღლესში ჩაბარება არ სურთ და მხოლოდ ატესტატის აღება უნდათ, რეგისტრაციას ცალკე გაივლიან. საგამოცდო ცენტრებში გამოცდები 2011 წლის ივლისში ჩატარდება. გამოსაშვები გამოცდების გარდა, მოსწავლეთა მხრიდან დაინტერესება გამოიწვია იმან, თუ რა სიახლეებია მოსალოდნელი სახელმძღვანელოების შეცვლასთან დაკავშირებით და რა ღონისძიებები გატარდება სკოლებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, მათ შორის საბუნიბისმეტყველო საგნების ლაბორატორიების აღდგენის თვალსაზრისით. შაშკინის თქმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რეფორმის მეორე ეტაპზე საგანმანათლებლო სფეროში არსებულ ყველა ხარვეზს აღმოფხვრის. |
|