|
7-04-2010, 00:21
დღეს, 7 აპრილს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს - ხარებას აღნიშნავს. სადღესასწაულო წირვა-ლოცვას, უწმინდეს მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში შეასრულებს. საზეიმო წირვა საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში აღევლინება.
ხარება, ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი საუფლო დღესასწაული (უძრავი), აღინიშნება 25 მარტს ძველი სტილით (7 აპრილი ახალი სტილით). სახარების (ლუკა 1,28-35) მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზს უხარებია მარიამ ღვთისმშობლისათვის, რომ მისგან იშვებოდა იესო ქრისტე, ძე ღვთისა.
ქრისტოლოგიაში ხარება მიჩნეულია კაცობრიობის ხსნის დასაბამად, საუკუნეებით დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადებად.
ამ დღეს ყოვლადწმიდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისთვის ვერ გაიმეტა და ეშმაკის მონობისაგან მისი გამოხსნა გადაწყვიტა.
უფალმა ქრისტეშობამდე დიდი ხნით ადრე აღუთქვა კაცობრიობას, რომ მხსნელს, მესიას მოუვლენდა, რომელსაც შობდა ქალწული და უწოდებდა სახელად ემანუელს, რომელიც ითარგმანება როგორც "ჩვენთარ არს ღმერთი". უფალმა მიავლინა მთავარანგელოზი გაბრიელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში ქალწულ მარიამთან, რომელიც დაწინდული იყო იოსებზე, დავითის მოდგმის შთამომავალზე. წარუდგა ანგელოზი ქალწულს და უთხრა: "გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანაა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის". მარიამი შეაძრწუნა მისმა სიტყვებმა და გაიფიქრა: "ვითარ-მე არს მოკითხვაი ესე?" - რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვაო? ანგელოზმა უთხრა: "ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. და აჰა, ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვა ძე და უწოდი სახელი მისი იესუ". მარიამი, როცა ყოველივე გამოწვლილვით გაიგო, დამორჩილდა, მიენდო უფალს და ღვთის ნებას თავისი ნება შეუერთა: “აჰა მხევალი უფლისა, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა". და მეყსეულად შევიდა სულიწმიდა ქალწულის შეუგინებელ ტაძარში.
როცა იოსებმა გაიგო, რომ მარიამი ბავშვს ელოდება, გადაწყვიტა მისი ფარულად გაშვება, მაგრამ ძილში უფლის ნაგელოზი გამოეცხადა და უთხრა: ”იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამის მიღება, ვინაიდან ის, ვინც მასშია ჩასახული, სულიწმიდისაგან არის. ძეს შობს და დაარქმევ მას სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან”. (ლუკა 1,26-35; მათე 1,20-21)
დღესასწაულის ამჟამინდელი სახელწოდება VII საუკუნიდან დამკვიდრდა. |
|