საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 19, ხოლო 9 აპრილის ტრაგედიიდან 21 წელი გავიდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 19, ხოლო 9 აპრილის ტრაგედიიდან 21 წელი გავიდა ---
9-04-2010, 02:09
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან 19, ხოლო 9 აპრილის ტრაგედიიდან 21 წელი გავიდა.

ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოში სხვადასხვა აქცია იგეგმება. "9 აპრილის" საზოგადოება რუსთაველის გამზირზე, პარლემენტის შენობასთან შეიკრიბება. როგორც "9 აპრილის საზოგადოების" ლიდერმა თამაზ ბიბილურმა განაცხადა, 9 აპრილს, ღამის 01:00 საათზე და დილის 11:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ (მემორიალთან) მასმედიის წარმომადგენლებისთვის 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება. ამასთან, 9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდება და ღია ცის ქვეშ მოძრავი გამოფენა მოეწყობა.

"ეროვნული საბჭო" კი საპროტესტო მსვლელობას გეგმავს. როგორც "ხალხის პარტიის" ლიდერმა კობა დავითაშვილმა განაცხადა, მსვლელობა ჭადრაკის სასახლიდან დაიწყება და პარლამენტის შენობასთან დასრულდება. "პარლამენტთან შევიკრიბებით და 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკულ დღეს დაღუპულთა ხსოვნას პატივს მივაგებთ", - განაცხადა დავითაშვილმა.

ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა მოგონების დღე გორში ტრადიციულად 9 აპრილის სახელობის სკვერში აღინიშნება, სადაც 9 აპრილს დაღუპულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინება. ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ. მათი ინფორმაციით, პანაშვიდს დაესწრებიან ქალაქის საზოგადო მოღვაწეები, 9 აპრილის მოვლენების მონაწილენი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც მემორიალს გვირგვინებით შეამკობენ და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა სულებისათვის კიდევ ერთხელ ილოცებენ. "9 აპრილის მიტინგის დარბევამ დააჩქარა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, თუმცა ამას გულანთებული ადამიანები შეეწირნენ მსხვერპლად. მიუხედავად ამისა, ამ მსხვერპლს უკვალოდ არ ჩაუვლია და 1991 წლის 9 აპრილს მთელმა საქართველომ იზეიმა ქვეყნის დამოუკიდებლობა’’, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელმა გივი ხუროშვილმა.

"საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი" საქართველოს უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 9 აპრილს მიიღო. საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, ზვიად გამსახურდიამ, 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის ერთადერთ შეკითხვას - "ხართ თუ არა თანახმა, 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე აღდგეს საქართველოს დამოუკიდებლობა" - დადებითად უპასუხა. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული "საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი" იყო ერთადერთი უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც მოხდა საქართველოს სუვერენიტეტის საერთაშორისო ცნობა.


1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, ვინაიდან 1989 წლის 9 აპრილს, დილის ოთხ საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სახლის წინ შეკრებილი მშვიდობიანი მომიტინგეები, რომლებიც საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, საბჭოთა არმიის სამხედრო შენაერთებმა დაარბიეს.

1989 წლის 9 აპრილს წინ უძღოდა საქართველოში ანტისაბჭოთა მოძრაობის გაძლიერება. ანტისაბჭოთა მოძრაობა საქართველოს სსრ-ში 1988 წლისთვის განსაკუთრებულად გააქტიურდა. თბილისში გაფიცვებსა და მიტინგებს აწყობდნენ ანტისაბჭოთა ორგანიზაციები. კონფლიქტი საბჭოთა მთავრობსა და ქართველ ნაციონალისტებს შორის კიდევ უფრო გამწვავდა 1989 წლის 18 მარტს ე. წ. ლიხნის ასამბლეის ჩატარების შემდეგ, სადაც რამდენიმე ათასმა აფხაზმა საქართველოსგან გამოყოფა და 1921-31 წლების კავშირის რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა მოითხოვა. აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობიდან გამოსვლის საკითხის დასმას ქართული საზოგადოების მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ანტისაბჭოთა ჯგუფებმა რესპუბლიკის მასშტაბით არასანქცირებული მიტინგების სერია მოაწყვეს. მათი მტკიცებით, საბჭოთა მთავრობა აფხაზურ სეპარატიზმს დამოუკიდებლობის მომხრეთა მოძრაობის საწინააღმდეგოდ იყენებდა.

საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია 1989 წლის 4 აპრილს, როდესაც თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სახლის წინ, ათობით ათასი ქართველი შეიკრიბა. მომიტინგეებმა, რომლებსაც დამოუკიდებლობის კომიტეტი ხელმძღვანელობდა (მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გიორგი ჭანტურია, ირაკლი ბათიაშვილი, ირაკლი წერეთელი და სხვები), აფხაზი სეპარატისტების დასჯისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით, მშვიდობიანი დემონსტრაცია მოაწყვეს და შიმშილობა დაიწყეს. ადგილობრივმა საბჭოთა ხელისუფლებამ დედაქალაქში შექმნილ სიტუაციაზე კონტროლი დაკარგა და საპროტესტო აქციებს ვეღარ აცხრობდა. საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა სსრკ-ის ხელმძღვანელობას წესრიგის აღსადგენად დამხმარე ძალების გამოგზავნა სთხოვა.

საბჭოთა არმიის ქვედანაყოფებმა რუსთაველის გამზირზე მრავალათასიანი მშვიდობიანი აქცია დაარბიეს. საბჭოთა რეპრესიული მანქანის მორიგი აქცია მსხვეპლით დასრულდა. სამხედრო მოსამსახურეებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, მესანგრის ორლესული ნიჩბები და მძიმე ტექნიკა. შედეგად, 20 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ასეული გაზით მოიწამლა. თბილისის მშვიდობიანი მიტინგის დარბევამ მსოფლიოში დიდი რეზონანსი გამოიწვია, რაც საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ეროვნული მოძრაობის აგორებისა და ბრძოლის დასაბამად იქცა.

თბილისში მშვიდობიანი მიტინგის დარბევამ მსოფლიოში დიდი რეზონანსი გამოიწვია, რაც საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ეროვნული მოძრაობის აგორებისა და ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.

აქციის დარბევისას დაიღუპნენ აზა ადამია, ნათია ბაშალეიშვილი, ეკა ბეჟანიშვილი, ნატო გიორგაძე, თამუნა დოლიძე, თინა ენუქიძე, ნინო თოიძე, ზაირა კიკვიძე, მანანა ლოლაძე, თამარ მამულაშვილი, მამუკა ნოზაძე, ნანა სამარგულიანი, მარინე ჭყონია-სამარგულიანი, ელისო ჭიპაშვილი, თამარ ჭოველიძე, მზია ჯინჭარაძე, ნოდარ ჯანგირაშვილი, მანანა მელქაძე, გია ქარსელაძე, შალვა ქვასროლიაშვილი. დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა ათასობით ადამიანი.

საქართველო საბჭოთა კავშირის იმ რესპუბლიკებს შორის აღმოჩნდა, რომელთაც პირველებმა გადადგეს ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ. ამ პროცესს დიდწილად ხელი შეუწყო 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებმა. ხშირად 1989 წლის 9 აპრილს თბილისში დატრიალებული ტრაგედიას განიხილავენ როგორც იზოლირებულ, უნიკალურ მოვლენას საბჭოთა იმპერიის ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლის ზეგავლენით დაშლის პროცესში.






 
 

ასევე:

  • საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 20 წელი გავიდა
  • საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება
  • საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება
  • 9 მარტს თბილისში დატრიალებული ტრაგიკული მოვლენების შემდეგ 54 წელი გავიდა
  • ძმათა სასაფლაოზე გაიმართა აქცია საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge