|
5-05-2010, 00:41
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი პროგრამებზე _ "ასწავლე საქართველოსთვის" და "კვალიფიციური მასწავლებლები ეთნიკური უმცირესობით დასახლებული რეგიონების სკოლებში" _ კონკურსს აცხადებს.
როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საგნის სპეციალისტებსა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს. ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა სამინისტროში ბრიფინგი გამართეს.
პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის" 2009 წელს დაიწყო და გულისხმობს კვალიფიციური საგნის სპეციალისტების დასაქმებას საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების სკოლებში, სადაც განსაკუთრებით მწვავედ დგას კადრების ნაკლებობის პრობლემა. გასულ წელს შერჩეულ მასწავლებლებს, ხელფასის გარდა, 250-ლარიანი სტიპენდიებიც ერიცხებოდათ, ახალი სასწავლო წლიდან სტიპენდია გაორმაგდება და 500 (ხელზე - 400) ლარს შეადგენს.
რაც შეეხება პროგრამას "კვალიფიციური მასწავლებლები ეთნიკური უმცირესობით დასახლებული რეგიონების სკოლებში", მისი მიზანია ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა და გულისხმობს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდილი მასწავლებლების მივლინებას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების არაქართულენოვან სკოლებში. პროგრამაში მონაწილე მასწავლებლების ხელფასი 1000 ლარია.
ზემოაღნიშნული პროგრამების განხორციელება 2009 წელს დაიწყო და მათში 100-მდე მასწავლებელი იყო ჩართული. წელს გათვალისწინებულია დამატებითი კადრების აყვანა, რაც გულისხმობს უფრო მეტი სოფლისა და თემის ჩართვას სახელმწიფო ენის სწავლებისა თუ ზოგადად, სასწავლო პროცესების გაუმჯობესებაში.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთა რეგისტრაცია 3 მაისს დაიწყო. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ ნებისმიერ რესურსცენტრს. |
|