|
26-06-2010, 21:35
დღეს, 26 ივნისს, მართლმადიდებელი ეკლესია ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღეს აღნიშნავს. მწიგნობარი, მესტამბე, განმანათლებელი, პოლიტიკური და საეკლესიო მოღვაწე, ვლახეთის მიტროპოლიტი (1708 წელს), წარმოშობით ქართველი ანთიმოზ (ანთიმ) ივერიელი 1650 (სხვა ვერსიით 1660) წელს დაიბადა.
საქართველოდან გადაცებული და კონსტანტინოპოლს მონად გაყიდული მოხვდა ვლახეთში, რომელიც მისთვის მეორე სამშობლოდ იქცა. არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმად, ანთიმოზ ივერიელი საქართველოდან იმ ასაკისა გაიტაცეს, როცა სავსებით ჩამოყალიბებული პიროვნება იყო. ვლახეთში გაშალა მან თავისი მრავალმხრივი მოღვაწეობა. ამ დროს იქაურობას განაგებდა კონსტანტინე ბრინკოვიანუ, რომლის განმგებლობის წლები რუმინეთის კულტურის აყვავების ხანად ითვლება. ანთიმოზ ივერიელის, როგორც მესტამბის, პირველი ნაბიჯები დაკავშირებულია ბუქარესტის სტამბასთან, სადაც მან 1691 წელს პირველი წიგნი დაბეჭდა.
სასტამბო მოღვაწეობასთან ერთად, ანთიმოზ ივერიელმა დიდი ამაგი დასდო რუმინული სალიტერატურო ენის განვითარებას. ამავე საქმეს ემსახურებოდა მისი მოთხოვნა - მღვდელმსახურება აღსრულებულიყო რუმინულ ენაზე.
დიდია ანთიმოზ ივერიელის ღვაწლი ქართული სტამბის დაარსებაში. თბილისში სტამბას საფუძველი ჩაუყარა მისმა მოწაფემ მიხაილ იშტვანოვიჩმა. 1709 წელს ამ სტამბაში დაიბეჭდა "სახარება". როგორც პოლიტიკური მოღვაწე, იბრძოდა რუმინეთის დამოუკიდებლობისთვის, ხალხს მოუწოდებდა ოსმალეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. მისმა რადიკალურმა კურსმა გამოიწვია მთავართან დააპირისპირა, რასაც ანთიმოზ ივერიელისთვის სასულიერო ღირსების აყრა და ექსორია მოჰყვა. 1716 წელს სინას მთას მიმავალი გზაში მოკლეს. |
|