23 ივლისს ღია კოსმოსურ სივრცეში ისტორიაში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის _ “რეფლექტორის” გასვლიდან 11 წელი სრულდება. 1999 წლის 23 ივლისს ღია კოსმოსურ სივრცეში გავიდა ისტორიაში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი _ “რეფლექტორი”. პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი, “რეფლექტორი” ღია კოსმოსურ სივრცეში სტუ-ის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის (მაშინდელი კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის) ძალისხმევით გავიდა. გენერალური კონსტრუქტორი იყო სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილი.
ორბიტალურ სადგურზე, მიუხედავად ადგილობრივი რთული პირობებისა და არასაშტატო ვითარებისა, კოსმოსური ობიექტის _ ექვსი მთელი და ოთხი მეათედი მეტრის ოფსეტური რეფლექტორის გამოცდა წარმატებით წარიმართა. იგი მთლიანად გაიშალა, მიაღწია საექსპლოატაციო პარამეტრებს და სრულად დააკმაყოფილა პროგრამით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა.
აღნიშნულ ფაქტს ორმაგი მნიშვნელობა ჰქონდა: საქართველოსთვის ის ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა გახდა, ხოლო საერთაშორისო არენაზე ყველა კოსმოსურმა სააგენტომ და ენციკლოპედიურმა გამოცემამ ეს ფაქტი აღიარა, როგორც ახალი ტექნოლოგიების დასაწყისი კოსმონავტიკაში.
1999 წლის 23 ივლისი შეტანილია მსოფლიო კოსმონავტიკის უმნიშვნელოვანეს ქრონიკათა ჩამონათვალში, ხოლო საქართველოში ყოველი წლის 23 ივლისი აღინიშნება “პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღედ”.