|
13-01-2011, 15:59
13 იანვარს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ესტუმრა ევროპული კოსმოსური სააგენტოს (ნიდერლანდები) ექსპერტთა ჯგუფი: ანტენების სექციის უფროსი, დოქტორი სირილ მანჟენო, კონსტრუქციების განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, დოქტორი ჯულიან სანტიაგო პროვალდი, ანტენების სექციის წამყვანი სპეციალისტი, დოქტორი ქეის ვან’ტ კლოსტერი, აგრეთვე, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (გერმანია) მსუბუქი კონსტრუქციების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ჰორსტ ბაიერი და ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, დოქტორი ლერი დათაშვილი.
ევროპული კოსმოსური სააგენტოს ექსპერტებთან ერთად სტუ-ში სამუშაო შეხვედრა 13 იანვარს დაიწყო და 14 იანვარს დასრულდება.
ევროპული კოსმოსური სააგენტო — ЕSА (European Space Agency) — საერთაშორისო ორგანიზაციაა. იგი 1975 წელს ევროპელთა ერთობლივი ძალისხმევით კოსმოსის ათვისებისთვის შეიქმნა. ამჟამად სააგენტოში გაერთიანებული 17 წევრი: ავსტრია, ბელგია, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ირლანდია, იტალია, ნიდერლანდი, ნორვეგია, პორტუგალია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი (22 მარტიდან, 2005), ლუქსემბურგი (5 აგვისტოდან, 2005). ზოგიერთ პროექტში მონაწილეობს ასევე კანადა, უნგრეთი და ჩეხეთი. |
|