|
10-08-2010, 02:29
დღეს, 10 აგვისტოს, ქართველ კომპოზიტორს, საქართველოს სახალხო არტისტ გია ყანჩელს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა.
გია ყანჩელი 1935 წლის 10 აგვისტოს თბილისში დაიბადა.1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეოლოგის სპეციალობით. დიპლომის აღებისთანავე სწავლა გააგრძელა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში, საკომპოზიციო ფაკულტეტზე, რომელიც 1963 წელს დაამთავრა. 1972 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილის გამგედ. 1979 წელს იგი საქარველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი გახდა.
განსაკუთრებულად აღსანიშნავია ყანჩელის სიმფონიური თხზულებები. 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ “ინ მემორია მიქელანგელო” მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.
გია ყანჩელი დღემდე ნაყოფიერად თანამშრომლობს რუსთაველის თეატრთან. მას ეკუთვნის რობერტ სტურუას საუკეთესო სპექტაკლებისთვის შექმნილი მუსიკა (“კავკასიური ცარცის წრე”, “რიჩარდ III”, “ჰამლეტი”, “ქალი-გველი”, “მეთორმეტე ღამე”).
გია ყანჩელი დღესაც ეწევა აქტიურ შემოქმედებით მუშაობას.ამჟამად ცხოვრობს ანტვერპენში, მაგრამ კავშირი საქართველოსთან და რუსთაველის თეატრთან არ გაუწყვეტია.
გია ყანჩელის შემოქმედებით მემკვიდრეობას განეკუთვნება: ოპერა "და არს მუსიკა” (1983წ.), 6 სიმფონია, კონცერტი სიმფონიური ორკესტრისთვის (1962წ); ლარგო და ალლეგრო სიმებიანი ორკესტრის, ფორტეპიანოსა და ლიტავრებისათვის (1963წ); "სევდა ნათელი" - ბიჭუნათა გუნდის, ორი სოლისტისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისთვის (1985წ); მუსიკა სპექტაკლებისთვის: "ხანუმა", "კავკასიური ცარცის წრე", "რიჩარდ III"; (შოთა რუსთაველის თეატრის დადგმები). მუსიკა კინოფილმებისთვის: "არ დაიდარდო', "ქვევრი", "არაჩვეულებრივი გამოფენა", "მიმინო", "შერეკილები", “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”, "როცა აყვავდა ნუში” და სხვა.
გია ყანჩელს მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდო: საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, შოთა რუსთაველის პრემია, ღირსების ორდენი, “ნიკე” კინოში შექმნილი მუსიკისთვის, ვოლფის პრემია ხელოვნებაში (2008). |
|