|
9-06-2010, 12:50
დღეს, 9 ივნისს, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში რეჟისორ რობერტ სტურუას საიუბილეო ალბომის პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში აცხადებენ, ალბომი "რობერ სტურუა" ორი ტომისგან შედგება და მასში რეჟისორი წინაპრებზე, ცხოვრებისეულ მნიშვნელოვან ეტაპებზე, შემოქმედებით ძიებებსა და აღმოჩენებზე იუმორით ყვება.
ალბომში თავმოყრილია რობერტ სტურუას შემოქმედების ამსახველი საგაზეთო და საჟურნალო სრული ინფორმაცია, მის მიერ თბილისში, რუსეთსა თუ საზღვარგარეთ დადგმული სპექტაკლების ფოტომასალა.
ალბომის შექმნის იდეა რუსთაველის თეატრის საგანმანათლებლო განყოფილების გამგეს _ აკაკი კუჭუხიძეს ეკუთვნის, ხოლო წიგნის ავტორი და შემდგენელი ცნობილი ქართველი თეატრმცოდნე კოტე ნინიკაშვილია.
წიგნი სამენოვანია _ ქართული, რუსული და ინგლისური. პროექტს რუსთაველის თეატრის მმართველი ზაალ ჩიქობავა ხელმძღვანელობდა.
რობერტ სტურუა, თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი რეჟისორი, 1938 წელს თბილისში დაიბადა. 1962 წელს დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო). რუსთაველის თეატრში 1963 წელს მივიდა. 1980 წლიდან თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. რუსთაველის თეატრის სცენაზე დადგმული აქვს ასამდე სპექტაკლი. რობერტ სტურუა ხატავს, უკრავს ჯაზს, წერს პიესებს. უახლოესი ადამიანების დახასიათებით, აქვს უტყუარი ინტუიცია, ყოველთვის გრძნობს დროებას და არის აბსოლუტურად უკომპრომისო მასთან მიმართებაში.
სტურუას პირველი წარმატება არტურ მილერის “სეილემის პროცესის” დადგმამ მოუტანა (1965 წ.). მოგვიანებით სტურუამ განაცხადა: “ამ წარმოდგენით, ჩემთვის შეუმჩნევლად, კონცეპტუალურ რაჟისურამდე მივედი.” 70-80-იან წლებში შეიქმნა სტურუას ყველაზე გახმაურებული სპექტაკლები: პ. კაკაბაძის “ყვარყვარე”, რომელმაც ყველა უკვე “სტურუას თეატრის” განსაკუთრებულ მოდელზე აალაპარაკა; ბ. ბრეხტის “კავკასიური ცარცის წრე”, სპექტაკლი-დღესასწაული, რომელმაც მსოფლიო შემოიარა, შევიდა საერთაშორისო კრებულში “XX საუკუნის საუკეთესო სპექტაკლები” და დღესაც ცოცხალ ლეგენდად რჩება; “რიჩარდ III”, შეუდარებელი რამაზ ჩხიკვაძით მთავარ როლში, “მეფე ლირი”, სადაც სტურუამ განსაცვიფრებელი სიზუსტით იწინასწარმეტყველა ძველი სამყაროს ნგრევა.
რობერტ სტურუა ცნობილია როგორც შექსპირის თეატრის “პარადოქსული ინტერპრეტატორი”. 37 პიესიდან 17 უკვე დადგმული აქვს რუსთაველის სცენაზე და მსოფლიოს სხვადასხვა თეატრში. 1986 წელს ლონდონის რივერსაიდ სტუდიაში დადგმული “ჰამლეტი” (ალან რიკმანი მთავარ როლში), შექსპირის საერთაშორისო საზოგადოებამ ბოლო 50 წლის განმავლობაში შექმნილ ათ საუკეთესო სპექტაკლს შორის დაასახელა. თბილისური “ჰამლეტის” ორივე ვერსია (2001, 2006), სტურუას თქმით, “დრომ მოიტანა”, “ისევე როგორც მკაცრი და დინამიკური “მაკბეტი” (1995) ან “როგორც გენებოთ ანუ შობის მეთორმეტე ღამე” (2002), თავისი განსაცვიფრებელი რიტმითა და პირობითობით.
90-იანი წლების სპექტაკლებში აქცენტები უკვე ადამიანსა და მის სულიერ სამყაროზეა გადატანილი. კრიტიკა “კეთილი სტურუას” თეატრზე იწყებს ლაპარაკს, ასეთებია _ კალდერონის “ცხოვრება სიზმარია”(1992), ბრეხტის “სეჩუანელი კეთილი ადამინი” (1993), “იაკობის სახარება” (1995, გოგებაშვილის “დედაენის” მიხედვით), გრ. რობაქიძის “ლამარა” (1996).
ახალ ათასწლეულში შექმნილ სპექტაკლებში რობერტ სტურუას დიალოგი მაყურებელთან უფრო ფილოსოფიური გახდა. რეჟისორი თითქოს მეტს ფიქრობს მარადისობაზე, ეძებს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის გადებულ ზღვარს. სპექტაკლების მეტაფორული ენაც უფრო მდიდარი და პოეტურია. ასეთია გია ყანჩელის მუსიკაზე შექმნილი პლასტიკური სპექტაკლი-ფანტაზია “სტიქსი” (2002), “ჰამლეტის” ორივე თბილისური ვერსია (2001, 2006), ს. ბეკეტის “გოდოს მოლოდინში” (2002).
რობერტ სტურუას კრეატიული სამყარო უზომოდ მრავალფეროვანია. მის სპექტაკლებში ჰარმონიულად თანაარსებობს ტრაგედია და კლოუნადა, პოლიტიკური ფარსი და მელოდრამა; კლასიკურ კომიზმს ფილოსოფიური მედიტაციები ენაცვლება, უკიდურესი რაციონალიზმი იოლად იძენს გროტესკულ თუ სარკასტულ ელფერს, ეს მრავალფეროვნება ეკლექტური არასდროს ყოფილა. რადგან რაჟისორი მსუბუქად და ელეგანტურად მართავს სცენასა და მსახიობებს, მისი ფანტაზია ამოუწურავია და მას ყოველთვის ხელთ უპყრია სპექტაკლის იდეა და რიტმი.
სტურუას სპექტაკლებმა რუსთაველის თეატრს და თავად რეჟისორს მსოფლიო აღიარება მოუტანა. მის დადგმებს სენსაციურს უწოდებენ, ხოლო სტურუას ევროპული თეატრის ყველა ცნობილ რეჟისორს ადარებენ. არ დარჩენილა არც ერთი ფესტივალი, სადაც მისი სპექტაკლები არ ყოფილიყოს წარმოდგენილი. ქართველი მსახიობების შეუდარებელი პროფესიონალიზმით აღფრთოვანებული მაყურებელი ოვაციას ვერ მალავდა არგენტინაში, ავსტრალიაში, პოლონეთში, საფრანგეთსა თუ შვეიცარიაში. სტურუამ დაიპყრო მექსიკა, ედინბურგი, ლონდონი, იერუსალიმი, რომი, მოსკოვი, დიუსელდორფი და, რაც მთავარია, მშობლიური თბილისი. |
|