|
18-10-2011, 12:26
მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე 83 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
რამაზ ჩხიკვაძე დაიბადა 1928 წლის 28 თებერვალს თბილისში, გამოჩენილი მუსიკოსის, გრიგოლ ჩხიკვაძის ოჯახში. 1951 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. ამავე წლიდან მუშაობდა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში.
ნიჭიერებასთან ერთად რამაზ ჩხიკვაძეს წილად ხვდა ბედნიერება ემუშავა უდიდეს რეჟისორებთან - მიხეილ თუმანიშვილთან და რობერტ სტურუასთან. ამიტომაც შეიქმნა რუსთაველის თეატრის სცენაზე ისეთი შედევრები, როგორიცაა: ლეანდრო - "ესპანელი მღვდელი", პეტრი - "როცა ასეთი სიყვარულია", ქოსიკო - "ჭინჭრაქა", კირილე - "სამანიშვილის დედინაცვალი", ყვარყვარე - "ყვარყვარე", აზდაკი - "კავკასიური ცარცის წრე", რიჩარდი - "რიჩარდ III", ლირი - "მეფე ლირი". 1961 წელს მიიღო საქართველოს დამსახურებული არტისტის, 1972 წელს კი სახალხო არტისტის წოდება.
1973 წელს, მოსკოვის VIII საერთაშორისო კინოფესტივალზე, მიიღო პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ("ნერგები", რეჟ. რ. ჩხეიძე); 1974 წელს - საქართველოს სახელმწიფო და კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიები - ყვარყვარეს როლის შესრულებისთვის; 1978 წელს - საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია აზდაკის როლის შესრულებისთვის; 1981 წელს - საქართველოს სახელმწიფო და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიები რიჩარდის როლის შესრულებისთვის; 1981 წელს - საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება; 1988 წელს - სოციალისტური შრომის გმირის წოდება; 1997 წელს თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა.
ჩხიკვაძე ასამდე ფილმშია გადაღებული: "ჭრიჭინა", "დღე პირველი, დღე უკანასკნელი", "წარსული ზაფხული", ,,ვედრება", "ლონდრე", "ნუცა", "ნერგები", "მთვარის მოტაცება", "ერთი ნახვით შეყვარება", "სოფლის აშიკი", "ნატვრის ხე", "არევიკი", "ნაზარის უკანასკნელი ლოცვა", "აშუღ ყარიბი", "შავი პრინცი"... 2006 წლის 28 თებერვალს მსახიობს 78 წელი შეუსრულდა და რუსთაველის თეატრის წინ რამაზ ჩხიკვაძის ვარსკვლავი გაიხსნა. ამ დღეს რუსთაველელებმა 609-ეჯერ ითამაშეს "კავკასიური ცარცის წრე", რობერტ სტურუას ბრწყინვალე სპექტაკლი-ლეგენდა, რომელიც უკვე 30 წლისაა.
რამაზ ჩხიკვაძის შემოქმედებამ მსოფლიოს მრავალი ქვეყანა აღაფრთოვანა, იგი შექსპირული რეპერტუარის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად აღიარეს, დიდ ბრიტანეთში კი ქართველ ოლივიედ მონათლეს.
28 აგვისტოს გარდაიცვალა რამაზ ჩხიკვაძის მეუღლე ნატაშა ჩხიკვაძე. ნატაშა ჩხიკვაძე პრაღაში,რამაზ ჩხიკვაძესთან ერთად მკურნალობის მიზნით იმყოფებოდა. გარდაცვალებამდე ნახევარი საათით ადრე ნატაშა ჩხიკვაძემ მედიაკავშირ "ობიექტივს" ბოლო ინტერვიუ მისცა, რომელშიც რობერტ სტურუას თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით ისაუბრა. |
|