|
1-09-2010, 13:19
31 აგვისტოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან ერთად, ტყიბულს ეწვია. მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დავალებით, ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროს ადმინისტრაციულ შენობაში, მაღაროელებთან გადასამზადებელი პროფესიული სასწავლებელის ამოქმედდებასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ასევე იმერეთის რეგიონის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ. ისინი დეტალურად გაეცნენ მაღაროელების პრობლემებს, მოისმინეს მათი მოსაზრებები და წინადადებები.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და იმერეთის მხარის გუბერნიის მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამთო ფაკულტეტის ბაზაზე, იმერეთის რეგიონში სასწავლებელს გახსნის. აღნიშნულის შესახებ ტყიბულში განათლების მინისტრის მაღაროელებთან შეხვედრისას გადაწყდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლებელში ადგილობრივი მოსახლეობიდან მეშახტეები, მაღაროელები და ზოგადად სამთოსაინჟინრო მიმართულების კვალიფიციური კადრები მომზადდება.
სასწავლებელის კონკრეტულ ადგილმდებარეობასთან და სასწავლო პროგრამებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაიმართება. როგორც დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, პროგრამების შედგენისას აუცილებლად იქნება გათვალისწინებული მეშახტეების, მაღაროელებისა და სამთო მიმართულების სპეციალისტთა პრაქტიკული გამოცდილებები და მოსაზრებები. |
|