|
15-10-2009, 13:43
15 ოქტომბერს ცნობილი რუსი პოეტის, მიხეილ ლერმონტოვის დაბადებიდან 195 წელი შესრულდა.
მიხეილ იურის ძე ლერმონტოვი 1814 წლის 15 ოქტომბერს მოსკოვში დაიბადა. 3 წლისას დედა გარდაეცვალა. ლერმონტოვი ბებიასთან იზრდებოდა. 1827 ბებია-შვილიშვილი მოსკოვში გადასახლდა. 1828 ლერმონტოვი უნივერსიტეტთან არსებული პანსიონის IV კურსზე, ხოლო 1830 წელს ამავე უნივერსიტეტის ზნეობრივ-პოლიტიკურ ფაკულტეტზე ჩარიცხეს. 1832 ლერმონტოვმა მიატოვა მოსკოვის უნივერსიტეტი, როგორც ვარაუდობენ, რეაქციონერ პროფესორებთან კონფლიქტის გამო და პეტერბურგში გადავიდა. აქაური სამხედრო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1834-იდან, ჰუსართა პოლკში მსახურობდა ოფიცრად.
ლექსების წერა ლერმონტოვმა 1828 წელს დაიწყო, გამოქვეყნება _ 1837-იდან. ლერმონტოვს სახელი გაუთქვა ლექსმა "პოეტის სიკვდილი", რომელიც სწრაფად გავრცელდა ხელნაწერის სახით. მამხილებელი პათოსის გამო მთავრობამ "რევოლუციის მოწოდებად" მიიჩნია პუშკინის მკვლელებისადმი მიმართული ლექსი. ლერმონტოვი საქართველოში გადმოასახლეს და ნიჟნი-ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკში განაწესეს. პოეტმა საქართველოში 2-3 თვე დაყო, გაეცნო ქართველ მოღვაწეებს. საქართველოს ბუნებამ, ქართველთა ყოფამ, ხალხურმა სიტყვიერებამ პოეტზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
1837 ბოლოს ლერმონტოვი რუსეთში დააბრუნეს. 1840 წელს ლერმონტოვი უმნიშვნელო საბაბით გადმოასახლეს ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც რამდენიმე ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა ქართველ ოფიცერ კ. მამაცაშვილთან ერთად. ინტრიგები ლერმონტოვის წინააღმდეგ კავკასიაშიც გრძელდებოდა. საბედისწერო გამოდგა პოეტის შეკამათება მაიორ ნ. მარტინოსთან, რომელმაც 1841 წლის 27 ივლისს დუელში გამოიწვია და მოკლა პოეტი.
ლერმონტოვის შემოქმედებაში დიდი ადგილი დაიკავა კავკასიის თემამ. მას სამართლიანად უწოდებენ კავკასიის მომღერალს. ლერმონტოვის ადრინდელი თხზულებებში მხატვრულად განსხეულდა ბავშვობაში მიღებული კავკასიური შთაბეჭდილებები, მთიელთა ყოფა და ბრძოლა თავისუფლებისათვის ("კავკასია", "კავკასიის ლურჯი მთელი", "ჩერქეზები", "კავკასიის ტყვე", "აული ბასტუნჯი", "იზმაილბეი" და სხვა.)
ლერმონტოვის შემოქმედება მჭიდროდ იყო დაკავშირებული საქართველოსთან, რომელიც პოეტის შთაგონების წყაროდ იქვა (ლექსები "ქართული სიმღერა", "თერგის საჩექრები", "პაემანი", "თამარი" და სხვა).
პოემა "მწირში" (1839), რომლის მოქმედების ფონი საქართველოა, ლერმონტოვმა განახორციელა ყრმობისდროინდელი ჩანაფიქრი თავისუფლებისმოყვარე ჭაბუკის შესახებ. "მწირი" თავისუფლების, სამშობლოსა და ბუნებისადმი მიძღვნილი ჰიმნია. 1829-იდან ლერმონტოვი "დემონის" სიუჟეტზე მუშაობდა; საქართველოში გადმოსახლების შემდეგ მან ძირფესვიანად გადაამუშავა პოემის ადრინდელი რედაქციები, გამოიყენა ქართული ლეგენდები, შექმნა ქართველი ქალის, თამარის მომხიბლავი სახე. ლერმონტოვმა დიდი ამაგი დასდო რუსულ პროზასაც. მისი სოციალური-ფსიქოლოგიური რომანის "ჩენი დროის გმირის" (1939) მთავარი პერსონაჟი, "ზედმეტი ადამიანი" პეჩორინი 30-იანი წლების თავადაზნაურული ინტელიგენციის ტიპური წარმომადგენელია. მას მოქმედება სწყურია, მაგრამ ბედკრულ სინამდვილეში ნიჭის, ცოდნისა და ენერგიის გამოყენების პირობები არა აქვს.
ლერმონტოვისადმი დიდ ინტერესს იჩენდნენ ქართველი რომანტიკოსები: გრიგოლ ორბელიანი (თარგმნა "მთანი მაღალნი"), ვახტანგ ორბელიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, რომელსაც თანამედროვენი "ქართველ ლერმონტოვს" უწოდებდნენ. ეს ინტერესი კიდევ უფრო გამძაფრდა 60-იან წლებში. ლერმონტოვის თხზულებები თარგმნეს აკაკი წერეთელმა, ილია ჭავჭავაძემ, ვაჟა-ფშაველამ, გრიგოლ აბაშიძემ, მამია გურიელმა და სხვა. საბჭოთა პერიოდში ლერმონტოვის მხატვრული მემკვიდრეობა თითქმის მთლიანად ითარგმნა ქართულ ენაზე. ზოგი ნაწარმოები თარგმნილია რამდენჯერმე ("დემონი" 10-ჯერ, "პოეტის სიკვდილი" 6-ჯერ, "წინასწარმეტყველი" 5-ჯერ, "მწირი" 4-ჯერ, "ჩვენი დროის გმირი" 3-ჯერ). ლერმონტოვის შემოქმედებით არის შთაგონებული ქართველი კომპოზიტორთა ნაწარმოებებიც (ოთარ თაქთაქიშვილის სიმფონიური პოემა "მწირი", ანდრია ბალანჩივაძის ამავე სახელწოდების ბალეტი, სულხან ცინცაძის ბალეტი "დემონი" და სხვ.).
ლერმონტოვი დასაფლავებულია სოფელ ტარხანში. |
|