|
9-09-2010, 01:01
ქართველმა მკითხველმა ერთი უჩვეულო წიგნი მიიღო. თვით წიგნის შინაარსში, ფორმასა და დიზაინში უჩვეულო არაფერია. ეს არის ინტელექტუალური ლიტერატურის მოყვარული მკითხველისთვის კარგად ცნობილი მწერლის – დათო ბარბაქაძის – ორი რომანისგან, ესეებისგან, წერილებისგან, დიალოგებისგან და ლიტერატურული ნარკვევებისგან შემდგარი ვეებერთელა, თითქმის 800-გვერდიანი წიგნი, სახელწოდებით “მცირე პროზა 1990-2010“. წიგნში შესულია მწერლის ყველაზე უფრო გახმაურებული ნაწარმოები “ტრფობა წამებულთა“ და ბევრი სხვა ნაცნობი ტექსტი. მაგრამ უჩვეულო ის არის, რომ წიგნის ტირაჟი სულ ორი ეგზემპლარია და ორივე ძვირადღირებული ეგზემპლარი ავტორმა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა საჩუქრად.
როგორც წიგნის ავტორმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, პირადად იგი ამ ფაქტში უჩვეულოს არაფერს ხედავს. მისი თქმით, ეს ტირაჟი, რეალური სიტუაციის გათვალისწინებით, საკმარისზე მეტიც კია.
“რეალური სიტუაცია ასეთია: პირადად ჩემი ფინანსური შესაძლებლობები უკიდურესად შეზღუდულია და ყველას კარგად მოეხსენება, დიდი ან საშუალო ტირაჟით ასეთი მოცულობის წიგნის გამოცემა რა თანხასთანაც არის დაკავშირებული. ქართული გამომცემლობებისგან ჩემი შემოქმედების მიმართ ინტერესი კი, ჩემთვის ძვირფასი ორად ორი გამონაკლისის გარდა, ჯერჯერობით არ შემინიშნავს. ჩემი მკითხველი, რა თქმა უნდა, არსებობს და ის ყოველთვის მოუთმენლად ელის ჩემი ყოველი ახალი წიგნის გამოცემას. სწორედ ამ მკითხველებისადმი მადლიერების ნიშნად გადავწყვიტე, მათთვის ხელმისაწვდომი გამეხადა ჩემი ტექსტების ერთი ნაწილი. ამ ტექსტების უმრავლესობა ხომ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში იბეჭდებოდა და ვრცელდებოდა უკიდურესად უხარისხო თვითგამოცემების სახით, ზოგიერთი ტექსტი ჟურნალ-გაზეთებში იყო გაბნეული და მერე წიგნებში აღარ შესულა. ბიბლიოთეკა კი ის ადგილია, სადაც დაინტერესებული მკითხველი ყოველთვის მიდის და მისთვის საინტერესო გამოცემებს ეცნობა. ბიბლიოთეკის თანამშრომლებისგან ვიცი, როგორია ჩემს წიგნებზე მკითხველის მოთხოვნილება და ამ მოთხოვნილებას არ აჭარბებს მოთხოვნილება წიგნის ბაზარზე არსებულ ჩემს გამოცემებზე“, - განაცხადა ბარბაქაძემ.
ამის მიზეზი, მწერლის აზრით, მკითხველის მწირი ჯიბეა, კომპენსაცია კი ბიბლიოთეკაში მათთვის წიგნის უსასყიდლოდ შეთავაზებაა, რაც მან სიამოვნებით გააკეთა. როგორც ავტორმა განმარტა, წიგნის საერთაშორისო ნომრის მიღება მას ავალდებულებს, წლის ბოლომდე ეროვნულ ბიბლიოთეკას ამ გამოცემის კიდევ ერთი, მესამე ეგზემპლარიც გადასცეს, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე გამოიცემა.
“თვითგამოცემული წიგნი შეიძლება წიგნის მაღაზიაში წლობით იდოს, მაგრამ ის არავინ წაიკითხოს და არავინ იყიდოს, ბოლოს და ბოლოს კი ავტორი უნდა მივიდეს, თავისი წიგნი მაღაზიებიდან გამოითხოვოს და შინ წაიღოს. რა საჭიროა ეს წვალება, როცა შეიძლება წიგნის სულ რამდენიმე ეგზემპლარმა ბიბლიოთაკაში უკეთ “იმუშაოს“, ვიდრე – წიგნის მაღაზიებში. ხოლო თუ საქართველოს სხვა რეგიონების ბიბლიოთეკებიც დაინტერესდებიან, მათ შეუძლიათ გადაიხადონ თანხა, რომელიც წიგნის თვითღირებულებას შეადგენს და კონკრეტულად მათთვის გამოიცემა ესა თუ ის წიგნი. ეს ერთადერთი გამოსავალია, როცა საქმე ეხება არა ფართო მასებისთვის, არამედ მკითხველთა ვიწრო წრეებისთვის განკუთვნილ გამოცემებს. ოღონდ ნუ ვიტყვით, რომ ბიბლიოთეკებს ფული არა აქვთ. ბოლო წლებში მათ კულტურის სამინისტრო უზრუნველყოფს წიგნების შესაძენი თანხით. მართალია, ეს თანხა მიზერულია, მაგრამ ბიბლიოთეკა მაინც იძენს წიგნებს“.
მსგავსი წიგნების გასავრცელებლად ინტერნეტის გამოყენების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, ბარბაქაძე აცხადებს:
“მე ვლაპარაკობ არა ინტერნეტზე, არამედ – წიგნზე და სულ არ მაინტერესებს, ვინ წაიკითხავს და ვინ არ წაიკითხავს ჩემს წიგნებს. ცნობისმოყვარე ადამიანების ინტერესის დაკმაყოფილების მოთხოვნილება რომ მქონდეს, ჩემს მხატვრულ ტექსტებს ინტერნეტით აუცილებლად გავავრცელებდი. ეს მოთხოვნილება არ მაქვს. არც ჩემი წიგნების რეკლამაზე ვზრუნავ. ვისაც ისეთი წიგნები სჭირდება, როგორსაც მე გამოვცემ, ურეკლამოდაც კარგად აგნებს და კითხულობს. მკითხველის მიმართ უმადურობა კი არასდროს მახასიათებდა“.
აღსანიშნავია, რომ ავტორს არ ავიწყდება წიგნის გვერდებზე მადლიერების გამოთქმა არც იმათ მიმართ, ვისი დახმარებითაც ეს გამოცემა განხორციელდა: “თავს მოვალედ მივიჩნევ, გულწრფელი მადლიერება გამოვთქვა ჩემი ორი ერთგული მეგობრის მიმართ, რომელთა მიერ ჩემთვის გაწეული ფასდაუდებელი სამსახურის გარეშე ოცნებაც კი ზედმეტი იქნებოდა წინამდებარე წიგნის გამოცემაზე: პერსონალური კომპიუტერი IBM T43 და ლაზერული პრინტერი LEXMARK OPTRA E312L“. |
|