6 ოქტომბერი ზაქარია ფალიაშვილის გარდაცვალების დღეა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

6 ოქტომბერი ზაქარია ფალიაშვილის გარდაცვალების დღეა კულტურა, სპორტი
6-10-2010, 00:25
6 ოქტომბერი ქართველი კომპოზიტორის, ზაქარია ფალიაშვილის გარდაცვალების დღეა. ზაქარია ფალიაშვილი 1933 წლის 6 ოქტომბერს თბილისში გარდაიცვალა.

ქართველი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1925). ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი, კლასიკოსი ზაქარია პეტრეს ძე ფალიაშვილი 1871 წლის 4 (16) აგვისტოს ქუთაისში დაიბადა. მამამისი ეკლესიის გუნდის მომღერალი იყო. მუსიკოსები იყვნენ აგრეთვე ფალიაშვილის 4 ძმა და და. თავდაპირველი მუსიკალური განათლება ივანემ და ზაქარიამ მიიღეს პიანისტ-ორღანისტთან ფელიქს მიზანდართან (ალოიზ მიზანდარის ძმასთან). ზაქარია ფალიაშვილი სწავლობდა ფორტეპიანოსა და ორგანზე დაკვრას წმინდა მარიამის მიძინების კათოლიკურ ეკლესიაში, მღეროდა იმავე ეკლესიის გუნდში, 1887 წლიდან კი თბილისში - ლ. აღნიაშვილის გუნდში. 1891 წლიდან თბილისის სამუსიკო სასწავლებელში სწავლობდა ვალტორნაზე დაკვრას, 1895-1899 წლებში თეორიულ დისციპლინებში მეცადინეობდა ნ. კლენოვსკის ხელმძღვანელობით. 1896 წლიდან დაიწყო ქართული ხალხური სიმღერების ჩაწერა და დამუშავება, შექმნა თავისი პირველი ნაწარმოებები. უმაღლესი მუსიკალური განათლება მიიღო 1900-1903 წლებში მოსკოვის კონსერვატორიაში ს. ტანეევის ხელმძღვანელობით. მოსკოვში ჩამოაყალიბა ქართველ სტუდენტთა გუნდი და მართავდა ქართულ ხალხური მუსიკის საღამოებს.

1903 წელს ფალიაშვილი საქართველოში დაბრუნდა და დაიწყო ინტენსიური შემოქმედებითი, პედაგოგიური და საშემსრულებლო (ორგანისტი და დირიჟორი) მოღვაწეობა. მუშაობდა სამუსიკო სასწავლებელსა და ქართულ გიმნაზიაში, აქტიურად მონაწილეობდა "ქართული ფილარმონიული საზოგადოების" დაფუძნებაში, დააარსა გუნდი და ორკესტრი, 1908-1917 წლებში სათავეში ედგა ამ საზოგადოების სამუსიკო სკოლას. იყო აქტიური წევრი "ქართულ ენაზე ოპერების გამმართველი საზოგადოებისა", დირიჟორობდა სპექტაკლებს. 1905 წელს მოსკოვში დაიბეჭდა ფალიაშვილის პირველი რომანსები "ახალ აღნაგო სულო", "ნანა, შვილო" (მიეძღვნა ი. ჯავახიშვილს). ამ პერიოდს ეკუთვნის აგრეთვე "მრავალჟამიერი" (სოლისტი, გუნდი და ორკესტრი), "ქართული ლიტურგია", განაგრძობდა ხალხური სიმღერების შეკრებასა (300-მდე) და დამუშავებას. გამოსცა 2 კრებული - "40 ქართული ხალხური სიმღერა" და "8 ქართული ხალხური სიმღერა" (დამუშავება). 1910 დაიწყო მუშაობა ოპერა "აბესალომ და ეთერზე", რომლის ნაწყვეტები 1913 წელს შესრულდა. 1919 წლის 21 თებერვალს ავტორის დირიჟორობით გაიმართა ამ ოპერის პრემიერა. ფალიაშვილი განაგრძნობდა აქტიურ შემოქმედებით, პედაგიგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. იყო თბილისის კონსერვატორიის პროფესორი და დირექტორი წლებში. შექმნა ოპერები - "დაისი" (1923, პრემიერა 1923 წლის 19 დეკემბერს) და "ლატავრა" (1927; პრემიერა 1928 წლის 16 მარტს), "საზეიმო კანტატა" (1927) და სხვა.

ფალიაშვილის შემოქმედება ქართული ეროვნული კულტურის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია. მან ფუძემდებლური როლი შეასრულა ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ჩამოყალიბებაში, მისი ესთეტიკური პრინციპებისა და სტილური თავისებურებების ფორმირებაში. ფალიაშვილის საუკეთესი ქმნილებებით ქართველმა ხალხმა თავისი წვლილი შეიტანა მსოფლიო მუსიკის კულტურის საგანძურში. ფალიაშვილის შემოქმედება მაღალი იდეურობისა და ხალხურობის ნუმუშია. იგი თანამიმდევრულად რეალისტურია. ფალიაშვილი პირველი ქართველი კომპოზიტორი იყო, რომელმაც თავის ნაწარმოებებში განასახიერა ქართველი ხალხის სულიერი ძალა და მუსიკალური გენია. თავისი შემოქმედება ფალიაშვილმა ააგო ქართული ხალხური მუსიკის კულტურის მხატვრული განზოგადებისა და მსოფლიო კლასიკური მუსიკის საუკეთესო ტრადიციებთან მისი სინთეზირების საფუძველზე. ფალიაშვილი ნოვატორი კომპოზიტორია, მან გადაწყვიტა იმ დროის ქართული მუსიკის წინაშე მდგარი უმთავრესი პრობლემები და მოახდინა მისი პროფესიონალიზაცია. იგი პირველი დაეუფლა მონუმენტური მუსიკის ფორმას, შექმნა ეროვნული სტილის კლასიკური ნიმუშები.

კომპოზიტორის მემკვიდრეობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ოპერებს, რომლებიც ცოცხლად წარმოგვისახავს ისტორიული წარსულის ჰეროიკას, ხალხის ცხოვრების სურათებს, ეროვნული ეპოსის დიად სახეებს. ფალიაშვილმა შექმნა ქართული ოპერის 3 განსხვავებული ტიპი: მონუმენტური ოპერა-ტრაგედია "აბესალომ და ეთერი", ლირიკულ-დრამატული "დაისი", გმირულ-პატრიოტული - "ლატავრა". პირველი ორის სახელი დიდი ხანია გასცდა საქართველოს ფარგლებს.

ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი" ქართული ეროვნული კულტურის ერთ-ერთი მწვერვალია (ლიბრეტო ხალხური თქმულების "ეთერიანის" საფუძველზე შეადგინა პ.მირიანაშვილმა). სიყვარულსა და სიკვდილზე ამაღლებული პოემა კომპოზიტორმა მუსიკალური ტრაგედიის სადა და ამავე დროს მონუმენტურ ფორმებში გადაწყვიტა. ღრმა სოციალურ-ეთიკურმა იდეამ (სიყვარულის ძალა გადალახავს სოციალური უთანასწორობის ზღუდეს და ამარცხებს თვით სიკვდილს) განსაზღვრა ოპერის მუსიკის ამაღლებულობა და მონუმენტურობა, მხატვრული სახეებისა და დრამატურგიის ეპიკური ხასიათი, რაც საგუნდო მასობრივი სცენების სიჭარბითა და მოქმედების დინჯი განვითარებით არის ხაზგასმული. ამავე დროს, ოპერის მუსიკა უდიდესი შინაგანი ექსპრესიითა და დინამიზმითაა გამსჭვალული. "აბესალომ და ეთერი" სისტემატურად იდგმება თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე, დაიდგა აგრეთვე ყოფილ სსრკ-ის სხვადასხვა ქალაქში: ხარკოვში (1931), მოსკოვში, სსრკ "ბოლშოი" თეატრში (1939 და 1946), ლენინგრადში (1972), კიევში (1972), ქუთაისში (1969), უცხოეთში - ლოძსა (1972) და ზაარბრუკენში (1974). გამოცემულია ოპერის კლავირი და პარტიტურა, ოპერა ჩაწერილია გრამფიტაზე, გადაღებულია ფილმი.

მაღალმხატვრული თვისებით, მკაფიო ეროვნული ნიშნებით არის აღბეჭდილი ფალიაშვილის მეორე შესანიშნავი ქმნილება ოპერა "დაისი" (ლიბრეტო ვ. გუნიასი), რომელმაც დასაბამი მისცა ლირიკულ-დრამატულ ჟანრს ქართულ საოპერო მუსიკაში. მხატვრულ სახეთა სიმდიდრემ და ფერადოვნებამ, მუსიკის იშვიათმა პოეტურობამ და გამომსახველობამ, ნათელმა მელოდიურობამ განაპირობა ოპერის ისტორიული მნიშვნელობა და პოპულარობა. ოპერაში შეხამებულია ლირიკულ-სატრფიალო და გმირულ-პატრიოტული მოტივები. გმირთა პირადი დრამა ცოცხალ და ფერადოვან ჟანრულ ფონზე იშლება. ოპერა დღემდე დიდი წარმატებით იდგმება თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე. დაიდგა აგრეთვე სსრკ-ის სხვადასხვა ქალაქებში: მოსკოვში (1937), კიევში (1938), ალმა-ატაში (1943), ბაქოში (1956), აგრეთვე სარატოვში, ოდესაში, ნოვოსიბირსკში, ერევანსა და გორკიში. 1974 დაიდგა ზააბრიუკენში, 1975 - პლეზენში. გამოცემულია "დაისის" კლავირი და პარტიტურა. ოპერა ჩაწერილია გრამფირფიტაზე. მნიშვნელოვანი მუსიკალური ღირსებით გამოირჩევა "ლატავრა" (ლიბრეტო ს. შანშიაშვილი) ცალკეული სოლო ნომრები და საგუნდო ეპიზოდები.

ფალიაშვილის ოპერებზე ქართველ მომღერალთა თაობები აღიზარდა. მის სახელს ატარებს თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრი (1937 წლიდან), რესპუბლიკის რამდენიმე სამუსიკო-სასწავლო დაწესებულება, ქუჩები - მოსკოვში, თბილისში, ქუთაისში; თბილისსა და ქუთაისში გახსნილია ფალიაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმები; დაწესებულია ფალიაშვილის სახელობის პრემია (1971 წლიდან). ფალიაშვილის სურათი გამოსახულია ეროვნული ვალუტის ორლარიან კუპიურაზე.
 
 

ასევე:

  • ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 140 წელი შესრულდა
  • "რეგიონ ოპერა" სტუ-ში სადებიუტო სპექტაკლს წარმოადგენს
  • ზურაბ სოტკილავას 74 წელი შეუსრულდა
  • ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში გალაკონცერტი გაიმართება
  • ოპერის თეატრი ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში ვერდის "ატილას" წარმოადგენს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge