|
19-07-2010, 00:44
19 ივლისს, 19:00 საათზე, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში ჯუზეპე ვერდის "ატილას" წარმოადგენს.
სპექტაკლს ცნობილი იტალიელი დირიჟორი ჯანლუკა მარჩიანო წარუძღვება. ქართველმა მსმენელმა ჯანლუკა მარჩიანოს ხელოვნება წლეულს მარტში ლადო ათანელის საქველმოქმედო ფონდ “თანადგომის" კონცერტზე გაიცნო. 25 ივლისს კი მაყურებელს "რიგოლეტზე" დასწრების საშუალება ექნება.
ჯუზეპე ვერდის "ატილა" - ოპერა პროლოგითა და სამი მოქმედებით, თემისტოკლე სოლერასა და ფრანჩესკო მარია პიავეს ლიბრეტო, ზახარიას ვერნერის პიესის ("ატილა, ჰუნების ბელადი") მიხედვით. პირველი დადგმა 1846 წლის 17 მარტს Teatro la Fenice-ში, ვენეციაში განხორციელდა. თბილისში პრემიერა შედგა 2008 წლის 21 მარტს.
ჯუზეპე ფორტუნინო ფრანჩესკო ვერდი (1813-1901) — იტალიელი კომპოზიტორი; მე-19 საუკუნის იტალიური ოპერის ყველაზე გავლენიანი ხელოვანი. მისი ნამუშევრები ხშირად იდგმება მსოფლიოს ყველა საოპერო თეატრში. პირველი ცდები კომპოზიციაში 1828 წელს განეკუთვნება (უვერტიურები, მარშები სასულე ორკესტრისთვის, საფორტეპიანო პიესები). 1833 წელს ვერდი ქალაქის სასულე ორკესტრის დირიჟორი გახდა, 1836 წლიდან ხელმძღვანელობდა ფილარმონიულ საზ-ბას ბუსეტოში. 1839 წელს მილანში დაიდგა ვერდის პირველი ოპერა "ობერტო, გრაფი ბონიფაჩო", რომელიც საზოგადოებამ თბილად მიიღო. 1840 წელს ოპერა "მეფე ერთი საათით ანუ ცრუსტანისლავის" წარუმატებელი დადგმის შემდეგ ვერდიმ ზედიზედ დაწერა ორი ოპერა - "ნაბუკო" ("ნაბუქუდონოსორი", 1841, დაიდგა 1842) და "ლომბარდიელები ჯვაროსნულ ლაშქრობაში" (1842, დაიდგა 1843, ფრანგ. რედაქცია "იერუსალიმი", 1847). ჰეროიკულ-რევ. პათოსით გამსჭვალულ ოპერებს იტალიაში აღტაცებით შეხვდნენ, ხშირად ოპერის შემდეგ იმართებოდა პოლიტიკური მანიფესტაციები. 1842-49 წლებში ვერდიმ ცამეტი ოპერა დაწერა, მათ შორის, "ერნანი" (1844), "ატილა" (1846), "მაკბეთი" (1847), "ლუიზა მილერი" (1849). ვერდის პატრიოტულმა განწყობილებებმა გამოხატულება პოვა 1848 დაწერილ ჰიმნში "იჟღერე საყვირო" (გ. მამელის ტექსტზე). ვერდის სახელი მოუხვეჭა 50-იან წლებში შექმნილმა ოპერებმა "რიგოლეტომ" (1851, ვ. ჰიუგოს დრამის "ხელმწიფე ერთობა" - მიხედვით), "ტრუბადურმა" (1852, დაიდგა 1853), "ტრავიატამ" (1853, დიუმა შვილის დრამის -"ქალი კამელიებით" - მიხედვით). ამ ოპერებში რომანტიკული ტენდენციები ადგილს უთმობს მკაფიო რეალიზმს, ღრმა ფსიქოლოგიზმს. კომპოზიტორის ყურადღების ცენტრშია უბრალო ადამიანების ბედი (ვიოლეტა, რიგოლეტო, აზუჩენა), სოციალური უთანასწორობა, წოდებრივი გადმონაშთები. ვერდის რეალისტური ხელოვნება ხშირად მახვილ, კრიტიკულ ხასიათს იძენს. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ზრდასთან დაკავშირებით, 50-60-იან წლებში შექმნილ ოპერებში ვერდი კვლავ ჰეროიკულ სიუჟეტებს მიმართავს, რომლებშიც გმირების პირადი ბედი მჭიდროდაა გადახლართული პოლიტიკურ მოვლენებთან ("სიცილიური მწუხრი", 1854, დაიდგა 1855) "სიმონ ბოკანერგა" (1857, მე-2 რედაქცია 1881); "ბალ-მასკარადი" (1859). 1862 წელს პეტერბურგის მარინინის თეატრის დაკვეთით დაწერა ოპერა "ბედისწერის ძალა" (მე-2 რედაქცია 1869). ოპერის დაწერასთან დაკავშირებით ვ. ორჯერ ეწვია რუსეთს (1861, 1862). 1866 წელს პარიზის თეატრ "გრანდ ოპერასთვის" დაწერა ოპერა "დონ კარლოსი" (დაიდგა 1867, მე-2 რედაქცია იტალ. ლიბრეტოთი 1884). 1870 წელს ვერდიმ დაწერა საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი მშვენიერი ოპერა "აიდა" (დაიდგა 1871, კაირო). ოპერაში აღმოსავლური ეგზოტიკა, თეატრალური ბრწყინვალება და პომპეზურობა შერწყმულია ღრმა ფსიქოლოგიზმთან და დრამატიზმთან. შემდგომ 15 წელიწადში ვერდის არ დაუწერია არც ერთი ოპერა. იტალიელი მწერლის ა. მანძონის ხსოვნის აღსანიშნავად შექმნა "რეკვიემი" (1874), რამდენიმე ვოკალური ნაწარმოები. რეალისტური ხელოვნების შედევრს და ფსიქოლოგიურ-მუსიკალური დრამის უბრწყინვალეს ნიმუშს წარმოადგენს ოპერა "ოტელო" (1886, დაიდგა 1887). ვერდის უკანასკნელი ოპერა "ფალსტაფი" გონებამახვილური, კომიკური, იტალიური ოპერა-ბუფის ჟანრის ნაწარმოებია განახლებულ მუსიკალურ-დრამატულ საფუძველზე (უილიამ შექსპირის კომედიის "უინძირელი მხიარული ქალების" მიხედვით, 1892, დაიდგა 1893). მუსიკის ისტორიაში ვერდი შევიდა როგორც საოპერო ხელოვნების რეფორმატორი, უდიდესი კომპოზიტორ-რეალისტი. იდეურ-მხატვრულმა სიმდიდრემ, ჰუმანურობამ, იტალიურ ეროვნულ-დემოკრატიულ კულტურასთან კავშირმა განაპირობა ვერდის ოპერების პოპულარობა მთელს მსოფლიოში. იტალიურ ბელკანტოს პრინციპებზე დაყრდნობით, ვერდიმ თავისი ოპერების ვოკალური მელოდიკა გაამდიდრა დრამატიზმითა და ჰეროიკული ინტონაციებით. კომპოზიტორმა მნიშვნელოვნად შეცვალა ტრადიციული იტალიური ოპერის ხასიათი და სტრუქტურა. სასიმღერო არიისა და დეკლამაციური პრინციპების შერწყმით მან შექმნა თავისი "შერეული" ვოკალური სტილი, რომელიც საფუძვლად დაედო მონოლოგისა და დიალოგის თავისუფალ ფორმას ოპერაში. დრამატული განვითარების მნიშვნელოვან რგოლს ვერდისთან წარმოადგენს დიდი ვოკალური სცენები. ვერდის საუკეთესო ოპერებში მნიშვნელოვანი დრამატურგიული დატვირთვა ორკესტრს აწევს, თუმცა კომპოზიტორისთვის მთავარი მაინც ვოკალური საწყისის პრიორიტეტია. "ხმა და მელოდია ჩემთვის ყოველთვის მთავარი იქნება" , - ამბობდა ვერდი. მან დაწერა 26 ოპერა (აქედან 6 ორი რედაქციით), კანტატები, მათ შორის, "ერის ჰიმნი" (1862), სას. ნაწარმოებები "რეკვიემი" (1862), Te Deum (1869), Stabat Mater (1897), სიმებიანი კვარტეტი (1873), ვოკალური ანსამბლები, რომანსები, სიმღერები და სხვა. |
|