|
22-03-2011, 02:44
დღეს, 22 მარტს, 15:00 საათზე, არასამთავრო ორგანზაციები: კავშირი "ინვალიდი ბავშვი, ოჯახი საზოგადოება" და სტუდია "ეი-დი-სი", რომლებიც მუშაობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან, იაპონიის საელჩოსთან აწყობენ აქციას - "სოლიდარობა იაპონელ ხალხს". აქციაში მონაწილეობას მიიღებენ თავად შეზღუდული შასაძლებლობის მქონე ბავშვები და მოზარდები, ასევე მათი ოჯახის წევრები.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშები და მოზარდები აქციის ორგანიზატორებთან ერთად სოლიდარობას გამოხატავენ იაპონელი ხალხის მიმართ. ბავშვები საელჩოს თანამშრომლებს გადასცემენ სპეციალურად მომზადებულ პლაკატებს და ხელით გაკეთებულ საჩუქრებს თავინთი იაპონელი თანატოლების გასამხნევებლად , ასევე გაკეთდება ჩანაწერი სამძიმრის წიგნში.
1998 წელს, ჯერ კიდევ როცა ჰუმანიტარული დახმარების პროგრამები მიმდინარეობდა ქვეყანაში, იაპონიის მთავრობამ დაიწყო თანამშრომლობა არასამთავრობო სექტორთან. პირველი პროექტი, რომელსაც მხარი დაუჭირეს, იყო ორგანიზაციის – "ინვალიდი ბავშვი, ოჯახი საზოგადოება" – მიერ წარდგენილი ინიციატივა. თანამშრომლობის საფუძველზე შესაძლებელი გახდა შექმნილიყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სოციალური იზოლაციიდან გამოყვანის პირველი პრეცენდენტი.
შეგახსენებთ, რომ იაპონიის ტრაგედიის დროს დაშავებულთა და დაზარალებულთა მხარდასაჭერად პირველი აქცია საქართველოში საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გამართა. 14 მარტს, 19:00 საათზე, ადმინისტრაციული კორპუსის დიდ სააქტო დარბაზში კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა. შესრულდა ფალიაშვილის, ლაღიძის, პუჩინის, ბიზეს, ვერდისა და როსინის ნაწარმოებები. ღონისძიება იაპონიაში დატრიალებული ტრაგედიის დროს დაზარალებულებს მიეძღვნა.
ღონისძიებაში სტუ-ს საოპერო სტუდიის ორკესტრი და ქართული საოპერო ხელოვნების ახალგაზრდა შემსრულებლები მონაწილეობდნენ. ორკესტრი, ძირითადად, ტექნიკური უნივერსიტეტისა და სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტებითაა დაკომპლექტებული. კონცერტს ბაადურ სამადაშვილმა უდირიჟორა.
ღონისძიება ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორატის პატრონაჟით, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტისა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა. |
|