|
30-03-2011, 16:00
დღეს სტუ-ის ბაკალავრიატის მესამე კურსის სტუდენტებისთვის სააქციო საზოგადოება ”ქართული ფოლადის” მიერ გამოცხადებული სასტიპენდიო პროგრამის მონაწილეთა ტესტირება ჩატარდა. ტესტირება ჟანი კალანდაძის სახელობის აუდიტორიაში (სტუ-ის მე-6 კორპუსი, მე-9 სართული, ოთახი № 913) გაიმართა.
სააქციო საზოგადოებამ ”ქართული ფოლადი” საქართველოს უნივერსიტეტების ბაკალავრიატის მესამეკურსელთათვის გამოაცხადა კონკურსი სტიპენდიის მოსაპოვებლად.
კონკურსის შესახებ პრეზენტაცია 23 მარტს სტუ-ის მცირე სააქტო დარბაზში ჩატარდა. კონკურსი შედგება სამი ტურისგან, რომელთა შედეგად შეირჩევა 10 სტიპენდიატი. გამორჩეულ სტუდენტებს ერთი წლის განმავლობაში დაენიშნებათ სტიპენდია თვეში 200 ლარის ოდენობით. პირველი ტური გულისხმობს IQ-ისა და ზოგადი უნარების ტესტებს. მეორე ტურში სტუდენტები გაეცნობიან მსოფლიოს ცნობილი ბიზნესკომპანიების განვითარების ისტორიას და, ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეასრულებენ კონკრეტულ დავალებას. მესამე ტურში გასული სტუდენტები მოამზადებენ ინდივიდუალურ პროექტებს, რომელთა პრეზენტაციაც კომისიის წინაშე გაიმართება.
კომისია დაკომპლექტდება ს.ს. ”ქართული ფოლადის” მენეჯერებისგან.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ბაკალავრიატის მესამე კურსის ყველა სტუდენტს, მიუხედავად მისი აკადემიური მოსწრებისა.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებლი პირები უნდა დაუკავშირდნენ სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტს ან სტუდენტურ თვითმმართველობას (ტელ.: 36 53 45). |
|