|
24-04-2011, 00:49
24 აპრილს ქრისტიანული სამყარო აღდგომას ზეიმობს. აღდგომა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით.
აღდგომის ზეიმი, უძველეს მესაქონლეთა და შემდეგ მიწათმოქმედთა საგაზაფხულო, საყოველთაო განახლების დღესასწაული, უშორესი ძირებით წარმართულ რელიგიებს უკავშირდება; უწინარეს ყოვლისა, ბუნების კვდომას და აღდგომას განასახიერებს. აღდგომას უძღვის 40–დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარება, ვნების კვირა. ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის მოვლინებისა, რაზედაც მოსეს ხალხი ეგვიპტის მონობიდან თავის დაღწევის შემდეგ ოცნებობდა, რასაც ბიბლიური წინასწარმეტყველნი ქადაგებდნენ და რაც სინედრიონის ნებით ჯვარცმული ქრისტეს სახით განხორციელდა.
თავდაპირველად მხოლოდ ვნების დღეებს ზეიმობდნენ. მხოლოდ მე–4 საუკუნეში მიეცა აღდგომის დღესასწაულს თანამედროვე სახე. ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ 325 წელს დაადგინა ზეიმის აღნიშვნა გაზაფხულის ბუნიობის მომდევნო კვირას, იუდეველთა პასექის დასასრულს, უთუოდ მისგან განცალკევებით და კვირის ბოლოს. ეს ხვდება ახალი სტილით 4 აპრილიდან 8 მაისამდე. ამიტომ განეკუთვნება აღდგომა მოძრავ დღესასწაულებს.
მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. ოთხივე სახარების თანახმად, ღმრთისმშობლისგან უბიწოდ შობილი ქრისტე ამ დღეს მკვდრეთით აღდგა, "სიკვდილითა სიკვდილი დათრგუნა" და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო ადამიანთათვის სამოთხის ბჭე. ადამის მოდგმის მხსნელად მოვლენილმა მაცხოვარმა გოლგოთას მთაზე ჯვართან ერთად კაცობრიობის ცოდვა ზიდა.
აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე ღვთიური ცეცხლის გარდამოსვლა, რომელიც დიდ შაბათს აღესრულება. ამ სასწაულის მოწმე ყოველწლიურად ასობით ათასობით მომლოცველი ხდება. წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა იერუსალიმის პატრიარქის კუვუკლიაში (უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველო) ლოცვის დროს ხდება. ცეცხლი მთელ ტაძარში მომენტალურად ვრცელდება.
სააღდგომოდ ქრისტიანები წითლად ღებავენ კვერცხებს და ერთმანეთს უცვლიან სიტყვებით: „ქრისტე აღდგა“. ეს ჩვეულება ძალიან ძველია. არის გადმოცემა, რომ ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილას დაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც, რომლისგანაც მაცხოვარმა შვიდი ეშმაკი განდევნა და რომელმაც ღვთისმშობლის შემდეგ პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი უფალი. წმიდა მარიამი რომში ჩავიდა და პირდაპირ იმპერატორის სასახლეს მიაშურა. იგი ცნობილი პიროვნება იყო და ამიტომ დაუბრკოლებლად გაატარეს სასახლეში. მარიამმა იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა: „ქრისტე აღდგა“. იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა: „როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?! ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდეს“. სიტყვები ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კვერცხი მართლაც გაწითლდა. ამ დღიდან მოყოლებული ქრისტიანები წითელი კვერცხებით ეგებებიან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.
საერთოდ, კვერცხი მარდიული სიცოცხლის სიმბოლოა, რადგან მისგან ცოცხალი არსება იბადება, იესო ქრისტემ კი სიცოცხლე მოგვანიჭა. წითელ ფერში სისხლი მოიაზრება, რადგან იესო ქრისტემ თავისი სისხლით სიცოცხლე განწმიდა და აკურთხა.
აღდგომის ერთ-ერთ ტრადიციას განეკუთვნება არტოსის კურთხევა - პატივად და დიდებად და მოსახსენებლად დიდებული აღდგომისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. „არტოსი“ ბერძნული სიტყვაა და პურს ნიშნავს.
არტოსის კურთხევის ტრადიცია მოციქულების ეპოქას უკავშირდება: უფალი იესო ქრისტე აღდგომის შემდეგ თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და მათთან ერთად ტრაპეზობდა. მისი ზეცად ამაღლების შემდეგ მოციქულებს მარად ახსოვდათ მაცხოვრის სიტყვები: „აჰა, ესერა მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა“ და თავიანთ შეკრებებზე ცხოველი რწმენით შეიგრძნობდნენ მის სიახლოვეს. მაგრამ რამდენადაც ხორციელი თვალით არ შეეძლოთ ეხილათ უფალი, ტრაპეზისას მაგიდასთან ცარიელ ადგილს ტოვებდნენ იქ, სადაც ადრე მაცხოვარი იჯდა, ხოლო მის პირდაპირ, მაგიდის შუაგულში, დებდნენ პურის ნაწილს, რომელიც იესოსთვის იყო განკუთვნილი. აქ უხილავად სუფევდა თავად უფალი. ტრაპეზის დასასრულს მოციქულები მადლობას სწირავდნენ ღმერთს, იღებდნენ ამ პურს, აღამაღლებდნენ და ამბობდნენ: „ქრისტე აღდგა“. როცა სახარების საქადაგებლად ისინი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში გაიფანტნენ, შეძლებისდაგვარად ცდილობდნენ ამ ტრადიციის შენარჩუნებას.
ეკლესიის წმიდა მამებმა ქრისტეს აღდგომის დღესასწაულზე, მოწაფეთა შორის მისი გამოცხადებების აღსანიშნავად დაადგინეს, რომ ტაძარში პური ანუ არტოსი დაედოთ. არტოსზე გამოსახულია ან ჯვარი ეკლის გვირგვინით, ოღონდ ჯვარცმულის გარეშე - ქრისტეს მიერ სიკვდილზე გამარჯვების ნიშნად, ანდა ქრისტეს აღდგომა. ტაძრებში ეს პური მთელი ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში ღია ტრაპეზის შუაგულში ასვენია. არტოსის მომზადებით წმიდა ეკლესია მოციქულებს მიემსგავსება და ამ წმიდა პურით მოგვაგონებს, რომ მკვდრეთით აღდგომილი იესო ქრისტე გახდა ჩვენთვის ჭეშმარიტი პური ცხოვრებისა, რაც მისი კურთხევის ლოცვებშიც კარგად მოჩანს. ამ ლოცვებში მღვდელი ღვთისაგან ლოცვა-კურთხევას გამოითხოვს და შესთხოვს, რომ განკურნოს სნეულნი და ჯამნრთელობა მიანიჭოს იმათ, ვინც მას რწმენით იგემებს. არტოსის კურთხევა აღდგომის პირველ დღეს ლიტურგიის შემდეგ სრულდება, მორწმუნეებს კი იგი ბრწყინვალე შაბათს, წირვის შემდეგ ურიგდებათ. ქრისტიანები ფიზიკური თუ სულიერი უძლურების შემთხვევაში მას უზმოზე, ლოცვების წარმოთქმის შემდეგ იღებენ.
წელს მართლმადიდებლური და კათოლიკური აღდგომა ერთმანეთს ემთხვევა. უკვე ზედიზედ მეორე წელიწადია, როცა მართლმადიდებლებსა და კათოლიკებს 12 საუფლო დღესასწაულს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი დღის აღნიშვნა ერთად უწევთ. აღდგომის დღესასწაული გრიგორიანული და იულიუსის კალენდრების მიხედვით ერთმანეთს ძალიან იშვიათად ემთხვევა. აღდგომის დღესასწაულს კათოლიკე და მართმადიდებელი ქრისტიანები ერთ დღეს იზეიმებენ ასევე 2014 და 2017 წლებში. |
|