|
4-04-2010, 00:23
დღეს, 4 აპრილს, მართლმადიდებელი სამყარო ქრისტეს აღდგომას დღესასწაულობს. აღდგომა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელიც ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით აღინიშნება. აღდგომას წინ უძღვის 40-დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარება, ვნების კვირა. ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის მოვლინებისა, რაზედაც მოსეს ხალხი ეგვიპტის მონობიდან თავის დაღწევის შემდეგ ოცნებობდა, რასაც ბიბლიური წინასწარმეტყველნი ქადაგებდნენ და სინედრიონის ნებით ჯვარცმული ქრისტეს სახით განხორციელდა.
დღესასწაულის შესახვედრად მორწმუნეები სულიერად ემზადებიან. განსაკუთრებული მნიშვნელობა ბოლო კვირას ენიჭება. აღდგომამდე ერთი კვირით ადრე ბზობა ანუ ქრისტეს იერუსალიმში დიდებით შებრძანება იზეიმება. ორშაბათიდან კი ვნების კვირეული იღებს სათავეს. ვნების კვირეულში თითოეული დღე გარკვეული მნიშვნელობის მქონეა. განსაკუთრებით გამოყოფენ ხუთშაბათს – საიდუმლო სერობის დღეს, როდესაც მაცხოვარი ზიარების საიდუმლოს აწესებს და წითელ პარასკევს – ქრისტეს ჯვარცმის დღეს. პარასკევობით წითლად ღებავენ კვერცხებს, რაც მაცხოვრის მიერ ჩვენთვის დაღვრილი სისხლის სიმბოლოა.
ვნების კვირეულის მძიმე დღეების დაგვირგვინებად კვირა – მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული იქცევა. დღე, რომელიც ნებისმიერი მორწმუნისთვის უდიდესი სიხარულის მომტანია.
აღდგომა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ დღეს ქრისტე მკვდრეთით აღდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო ადამიანთათვის სამოთხის ბჭე. ადამის მოდგმის მხსნელად მოვლენილმა მაცხოვარმა გოლგოთას მთაზე ჯვართან ერთად კაცობრიობის ცოდვა ზიდა.
ოთხივე სახარების თანახმად, ღმრთისმშობლისგან უბიწოდ შობილი ქრისტეს ჯვარცმა პარასკევს, ებრაელთა პასექის დღესასწაულზე მოხდა. ეს უდიდესი მწუხარების დღეა ნებისმიერი მორწმუნისთვის. თუმცა მესამე დღეს, კვირას, მწუხარებას სიხარული ენაცვლება და ქრისტიანები მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობენ.
აღდგომა მოძრავი დღესასწაულია. ქრისტიანთა უდიდესი დღესასწაული – მაცხოვრის აღდგომა გაზაფხულზე, ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის აღინიშნება. ეს უდიდესი მნიშვნელობის დღეა. ქრისტე იერუსალიმში, გოლგოთაზე ჯვარს აცვეს. სამი დღის შემდეგ კი მაცხოვარი მკვდრეთით აღდგა.
თავდაპირველად მხოლოდ ვნების დღეებს ზეიმობდნენ და მხოლოდ მე-4 საუკუნეში მიეცა აღდგომის დღესასწაულს თანამდროვე სახე. ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო ყრილობამ 325 წელს დაადგინა ზეიმის აღნიშვნა გაზაფხულის ბუნიობიდან მომდევნო კვირას, იუდეველთა პასექის დასასრულს, უთუოდ მისგან განცალკევებით და კვირის ბოლოს. მორწმუნეები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ბუნიობის შემდეგ, სავსე მთვარის მომდევნო კვირას ზეიმობენ. ეს თარიღი მერყეობს ახალი სტილით 4 აპრილიდან 8 მაისამდე, ამიტომ განეკუთვნება მოძრავ დღესასწაულებს. |
|