|
8-04-2012, 01:43
დღეს, 8 აპრილს, მართლმადიდებელი სამყარო ბზობას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ყველა ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება.
ბზობა, ბაიაობა, ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაული. ეს არის მოძრავი დღესასწაული და მოდის აღდგომის წინა კვირა დღეზე.
ქრისტიანული კულტის მსახურებაში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა (საწყისს იღებს ძველი ებრაული დღესასწაულიდან). მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარების მოთხრობაზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესვლის ამბავი. იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი პალმის ტოტებს - ბაიას უფენდა, თან "ოსანას" შესძახოდნენ. ბზობის რიტუალი სიმბოლურად იმეორებს სახარების ამ მოთხრობის ზოგიერთ დეტალს; მღვდელმსახურნი მლოცველთა მიერ მიტანილ ტოტებს აკურთხებენ, გალობენ "ოსანას" და სხვა. ბევრ ქვეყანაში პალმის მაგივრობას ბზა ეწევა (აქედან მომდინარეობს ქართული "ბზობა").
13:00 საათზე, თბილისში სალიტანიო ანჩისხატით ლოცვითი მსვლელობა გაიმართება. ანჩისხატის მომლოცველთა კრებულის ინფორმაციით, ბზობას, სალიტანიო ანჩისხატი ლოცვითი სვლით წამობრძანდება ე.წ. ზმკა-ს სასაფლაოზე მდებარე წმ. ბარბარეს ტაძრიდან და ჩოლოყაშვილის ქუჩისა და ორთაჭალის გავლით, 16:00 საათზე შემობრძანდება მეტეხის ხიდზე. შემდგომ ხატი დაბრძანდება ხელოვნების მუზეუმის წინ არსებულ სამლოცველოში, სიწმიდეებთან.
"ჯვრის სახით მოლოცვა გაგრძელდება წითელ პარასკევს, მცხეთის ჯვრის მიმართულებით, სადაც დასრულდება ჯვრის ერთი ფრთა. ჯვრის მეორე ფრთას მოვილოცავთ მახათას მთიდან მთაწმინდამდე, სააღდგომო დღესასწაულებში, ჩვენი დედაქალაქისა და ერის დასაცავად ყოვლისა ბოროტისაგან", - აცხადებენ მომლოცველები.
სალიტანიო ანჩისხატის კანონიკური ასლი სასულიერო პირთა კურთხევითა და უშუალო მონაწილეობით, 2004 წლიდან დაბრძანდება სრულიად საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნის მართლმადიდებლური ტაძრების მოსალოცად, საქადაგო მოწოდებით - "სიწმიდეები გვიხმობენ". |
|