საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტში თბილისში ტრამვაის დაბრუნების თემაზე ჩატარდა კონფერენცია “თანამედროვე ტრამვაი თანამედროვე თბილისში”. კონფერენციის ინიციატორები და ორგანიზატორები არიან სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა და საინიციატივო ჯგუფი “თბილისის ტრამვაი”. სტუდენტები გაეცნენ ინფორმაციას თანამედროვე ტრამვაის უპირატესობებისა და თბილისში მისი საჭიროების შესახებ.
კონფერეციას დაესწრნენ ქ. თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე იონათამიშვილი, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ჩაჩანიძე, ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაძე, ექსპერტი ასმათ აბესაძე.
2010 წლის ნოემბერში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საკრებულოს ინიციატივით გაიმართა კონფერენცია – „თანამედროვე ტრამვაი თანამედროვე თბილისში“, რომელიც თბილისში ტრამვაის, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის, აღდგენას ეხებოდა. პრეზენტაცია წარმოადგინა საინიციატივო ჯგუფმა “თბილისის ტრამვაი". კონფერენციას თბილისის მერი გიგი უგულავა, დედაქალაქის საკრებულოს წევრები კონსტანტინე იონათამიშვილი, ჯაბა სამუშია, ვიქტორ დოლიძე, გიორგი ტყემალაძე, გიორგი ჩაჩანიძე, ექსპერტები თენგიზ ფხალაძე, სოსო ცინცაძე, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და საინიციატივო ჯგუფ ,,თბილისის ტრამვაის’’ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ავტომობილების რაოდენობისა და მგზავრთა რაოდენობის ინტენსიური მატების გამო თბილისს აქვს სატრანსპორტო პრობლემები, რომელთა გადაწყვეტისთვის საჭიროა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. ამისთვის აუცილებელია ტრამვაის სისტემის შექმნა.
ტრამვაის უპირატესობებად მიიჩნევა მაღალი გამტარუნარიანობა, ეკოლოგიურობა, ეკონომიურობა, უსაფრთხოება, მოხერხებულობა შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის. ტრამვაის დიდი ტევადობის მოძრავი შემადგენლობის მეშვეობით შეუძლია მეტი მგზავრის გადაყვანა. ავტომობილთან შედარებით, ის გზის ფართს რვაჯერ ეფექტურად იყენებს. განცალკევებული ზოლის მეშვეობით ტრამვაის შეუძლია გვერდი აუაროს ავტომობილთა საცობებს.
ევროპის მერების კონვენციის თანახმად, 2020 წლამდე თბილისში CO2–ის ემისია 20%–ით უნდა შემცირდეს. ტრამვაი ელექტროენერგიაზე მუშაობს და ჰაერს არ აბინძურებს.
ტრამვაი უფრო ეკონომიური ტრანსპორტია. ელექტროძრავის მარგი ქმედების კოეფიციენტი 2,3–ჯერ აღემატება დიზელის ძრავისას, ხოლო სარელსო ტრანსპორტის წინაღობა გზის მიმართ გაცილებით ნაკლებია საბურავებიანი ტრანსპორტის წინაღობაზე.
ტრამვაი მკაცრადაა დაფიქსირებული სავალ ნაწილზე, ამიტომ იგი ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტია. მას შეუძლია მაქსიმალური სიჩქარით იმოძრაოს ხიდებზე, გვირაბებსა და ვიწრო გასასვლელებში.
ტრამვაის დაბალიატაკიან ვაგონებში არ არის კიბეები და მისი იატაკი ბაქნის სიმაღლეზეა. მისი მოხერხებული სალონი მნიშვნელოვნად უადვილებს გადაადგილებას მოხუცებსა და შეზღუდული შესაძლებლობების პირებს.
აღნიშნული უპირატესობებიდან გამომდინარე, თბილისისათვის აუცილებელია ტრამვაის სისტემის შექმნა.