|
23-09-2010, 00:40
23 სექტემბერს, 18:30 საათზე, დიღმის ტყეპარკში გაიმართება გარემოსდაცვითი აქცია, რომელსაც ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო", "კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი" (CENN), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებათა ცენტრი და ანა გაბრიაძის საინიციატივო ჯგუფი უწევენ ორგანიზებას. ღონისძიებას საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მერიის, საკრებულოს, მედიის წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები დაესწრებიან. აქციის მსვლელობისას მოეწყობა სტუდია "მონიტორის" ფილმის ჩვენება დიღმის ტყეპარკზე.
2009 წლის 11 სექტემბერს თბილისის საკრებულომ თბილისის მერის მიერ წარმოდგენილი პროექტის საფუძველზე დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალურ გეგმაში ცვლილებები შეიტანა და რეკრეაციული ზონების საკმაოდ გრძელი სია საზოგადოებრივ-საქმიან და საცხოვრებელ ზონებად შეცვალა. საზოგადოებრივ-საქმიან ზონად იქცა დიღმის ტყე-პარკიც, რომელსაც დიდი ისტორია აქვს და უნიკალური ფლორით გამოირჩევა.
აქციის მიზანია, რომ საზოგადოება გაეცნოს იმ პრობლემებს, რაც განადგურების საფრთხის წინაშე აყენებს დიღმის ტყეპარკს, როგორც ნაკრძალს და ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი ეკოლოგიური ღირებულების მქონე ზონას, დააფიქსიროს თანადგომა და შეიტანოს წვლილი ამ უნიკალური ტყის შენარჩუნებაში.
ღონისძიებას თბილისის საზოგადოებრივი, კულტურული და სამეცნიერო წრეების, საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრებიან. ghn.ge |
|