|
17-09-2010, 00:28
17 სექტემბერს საქართველოს მასშტაბით იწყება აქცია, სახელწოდებით "დავასუფთაოთ საქართველო" ("დავასუფთაოთ მსოფლიო" კამპანიის ფარგლებში).
17, 18, 19 სექტემბერს მთელ მსოფლიოში მოხალისეების მიერ ტარდება ერთ-ერთი უდიდესი გარემოსდაცვითი კამპანია "დავასუფთაოთ მსოფლიო" (Clean Up the World), რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 1992 წელს, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით და მასში დღეისათვის მონაწილეობს 120 ქვეყანა.
კამპანია მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გარემოს გასაწმენდად მრავალ ქვეყანაში ატარებს ფართომასშტაბიან დასუფთავების აქციებს და ამ მიზნით აერთიანებს ხელისუფლებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სკოლებსა თუ ცალკეულ მოქალაქეებს.
2010 წელს, მსოფლიო გარემოსდაცვით კამპანიას საქართველოც უერთდება. 17 სექტემბერს, მთელი ქვეყნის მასშტაბით იწყება აქცია სახელწოდებით "დავასუფთაოთ საქართველო" ("დავასუფთაოთ მსოფლიო" კამპანიის ფარგლებში).
საქართველოში კამპანიას ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები და მდგრადი განვითარების კავშირი "ეკოხედვა", პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მყარი ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში ჩართვა" ფარგლებში.
კამპანიაში საქართველოს მწვანეთა მოძრაობასთან და მდგრადი განვითარების კავშირი "ეკოხედვასთან" ერთად მონაწილეობენ: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, რეგიონების რწმუნებულები, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ხელმძღვანელები, მწვანეთა მოძრაობის რეგიონალური ორგანიზაციების წევრები და ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებიც თბილისში მიმდინარე ღონისძიებების პარალელურად 17, 18, 19 სექტემბერს "დავასუფთაოთ საქართველოს" ფარგლებში დაასუფთავებენ თავიანთი რეგიონების, რაიონების თუ საცხოვრებელი ადგილების ეზოებს ქუჩებს და სხვა.
დასუფთავების კამპანიის შემდეგ საქართველო აღინიშნება მსოფლიოს გარემოსდაცვით რუკაზე.
კამპანია ხორციელდება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (შიდა) ფინანსური უზრუნველყოფით. |
|