|
13-09-2012, 23:55
კამპანია "დავასუფთაოთ მსოფლიო – დავასუფთაოთ საქართველო" ხვალ იწყება. თბილისში ღონისძიებები მარნეულის ქუჩაზე , "ემბავუდის" საწარმოს მოპირდაპირე მხარეს 07:00-12:00 საათზე გაიმართება. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ ("საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო"), საქართველო ამ აქციაში უკვე მესამედ მონაწილეობს. კამპანიის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/ დედამიწის მეგობრები საქართველო" და მდგრადი განვითარების კავშირი "ეკოხედვა".
14-15-16 სექტემბერს დასუფთავების აქციები ჩატარდება პროექტის ადგილობრივი კოორდინატორების ორგანიზებით, თბილისში და ქვეყნის ყველა თვითმმართველ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში.
14-15-16 სექტემბერს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტარდება დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია – ,,დავასუფთაოთ მსოფლიო" (Clean Up the World), რომელიც 1992 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით დაფუძნდა.
კამპანია ტარდება ყოველ სექტემბერს და მასში მონაწილეობას ღებულობს 130-მდე ქვეყანა. 2012 წელს მსოფლიო კამპანიის დევიზია: ჩვენი ქვეყანა... ჩვენი პლანეტა... ჩვენი პასუხისმგებლობა.
პროექტი ხორციელდება გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (შიდა) ფინანსური უზრუნველყოფით. |
|