|
19-04-2012, 23:48
22 აპრილს, 14:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მე-3 სართულზე, შეხვედრების ოთახში, მოეწყობა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: "მსოფლიო გამოწვევა და საქართველოს პასუხი ელექტრომობილების განვითარებაში". ღონისძიება დედამიწის დღესთან დაკავშირებით ტარდება.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორი შმაგი ჩოხელი აცხადებს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე შექმნილი სამეცნიერო ჯგუფის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ელექტრომობილის, როგორც თანამედროვე ტექნილოგიის, ეკოლოგიური, ეკონომიკური, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის ეფექტურობები. სად იმყოფება საქართველო და რა შესაძლებლობები აქვს ქვეყანას ამ კუთხით.
"როგორც ცნობილია, 22 აპრილს აღინიშნება დედამიწის დღე. ამ დღეს მსოფლიო მასშტაბით ადამიანები აკეთებენ დედამიწისთვის რაიმე სასარგებლო საქმეს. საქართველო რამდენიმე წელია, აქტიურადაა ჩართული კამპანიაში (გასულ წელს საქართველოს პრეზიდენტის უშუალო მონაწილეობით მოხდა კამპანიის საქართველოში აღნიშვნა). წლევანდელი კამპანიის პრიორიტეტია, სკოლის მოსწავლეების და ახალგაზრდების ჩართულობა", - აცხადებს ჩოხელი.
კონფერენციის გახსნაზე მოწვეულნი არიან საქართველოს გარემოს დაცვის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრები, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
დედამიწის დღე 22 აპრილს მთელ მსოფლიოში აღინიშნება. პირველად ეს დღე 1970 წელს აღინიშნა, როცა ცნობილი ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებით 20 მილიონი ამერკელი გამოვიდა ჩვენი პლანეტის - დედამიწის დასაცავად. „დედამიწის დღე" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 175 ქვეყნის 17 000-მდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. |
|