|
22-04-2012, 23:52
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: "მსოფლიო გამოწვევა და საქართველოს პასუხი ელექტრომობილების განვითარებაში". ახალგაზრდა მეცნიერებმა წარმოადგინეს თემები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ელექტრომობილებისა და სხვა სახის ტრანსპორტის დანერგვა და რა შედეგებს მოუტანს იგი ქვეყნის ეკეონომიკურ, ეკოლოგიურ და სოციალურ დარგებს.
კონფერენციაზე წარმოჩნდა ახალგაზრდა მეცნიერთა შესაძლებლობები და ის, თუ რამდენადაა მზად ქართული სამეცნიერო საზოგადოება ამ ტექნოლოგიების დასანერგად. გაიმართა მსჯელობა იმაზედაც, რამდენად შესაძლებელია აღნიშნული ტექნოლოგიების საქართველოში წარმოება.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პრევენციისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიმართულებით გაწეულმა სამეცნიერო-კვლევითმა სამუშაომ კარგად აჩვენა ქართველი მეცნიერების მომზადების მაღალი დონე, კომპეტენტურობა და პროფესიონალიზმი.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ.
"საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე შექმნილი სამეცნიერო ჯგუფის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე წარმოდგენილია ელექტრომობილის, როგორც თანამედროვე ტექნოლოგიის, ეკოლოგიური, ეკონომიკური, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის ეფექტურობები. სად იმყობება საქართველო და რა შესაძლებლობები აქვს ქვეყანას ამ კუთხით. როგორც ცნობილია, 22 აპრილს აღინიშნება დედამიწის დღე. ამ დღეს მსოფლიო მასშტაბით ადამიანები აკეთებენ დედამიწისთვის რაიმე სასარგებლო საქმეს. საქართველო რამდენიმე წელია, აქტიურადაა ჩართული კამპანიაში (გასულ წელს საქართველოს პრეზიდენტის უშუალო მონაწილეობით მოხდა კამპანიის საქართველოში აღნიშვნა). წლევანდელი კამპანიის პრიორიტეტია, სკოლის მოსწავლეების და ახალგაზრდების ჩართულობა", - განაცხადა ღონისძიების ორგანიზატორმა შმაგი ჩოხელმა.
დედამიწის დღე 22 აპრილს მთელ მსოფლიოში აღინიშნება. პირველად ეს დღე 1970 წელს აღინიშნა, როცა ცნობილი ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებით 20 მილიონი ამერკელი გამოვიდა ჩვენი პლანეტის - დედამიწის დასაცავად. „დედამიწის დღე" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 175 ქვეყნის 17 000-მდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. |
|