|
22-04-2010, 20:35
22 აპრილის, დედამიწის საერთაშორისო დღის აღნიშვნა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ წყნეთში გამწვანების აქციით დაიწყო.
"ბაქსვუდის სახელობის საერთაშორისო სკოლა - თბილისის" მოსწავლეებმა და გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა დედამიწას მეორმოცე "სიმბოლურ" დაბადების დღეზე, 50-მდე ახალი ხის ნერგი "სიმბოლურად" აჩუქეს. სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად გამწვანების აქციაში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ გიორგი ზედგინიძემ მიიღო მონაწილეობა. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის "დარგე ხე - გაამწვანე შენი გარემოს" ფარგლებში ფიჭვის და კვიპარისის ჯიშის ნერგები დაირგო.
"დღეს ვიმყოფებით "ბაქსვუდის სახელობის საერთაშორისო სკოლა - თბილისში," რომელიც შეუერთდა სამინისტროს აქციას "დარგე ხე, გაამწვანე შენი გარემო". მივესალმებით ამ მოზარდების სურვილს, რომ სკოლის მიმდებარე ტერიტორია გაამწვანონ. მოხარული ვიქნებით, თუ მსგავს გარემოსდაცვით აქციებს სხვა სკოლები, სასწავლო დაწესებულებებიც აქტიურად შეუერთდებიან", - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ გიორგი ზედგინიძემ. |
|