|
17-04-2015, 00:57
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დენდროლოგიურ პარკში, გამწვანების მორიგ აქციაში მიიღო მონაწილეობა. გამწვანების აქციის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა, ასევე სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლებმა პარკის ტერიტორიაზე 5000-მდე იფანის ნერგი დარგეს.
როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, თბილისის მერიის მიერ ინიცირებულ გამწვანების ღონისძიებებში აქტიურად ერთვებიან სასწავლო დაწესებულებები, კერძო პირები და ორგანიზაციები, რაც მისი თქმით, მისასალმებელია.
„კარგია, რომ ყველა ერთად ვერთვებით გამწვანების ღონისძიებებში და ერთად ვასრულებთ ქალაქის გამწვანების პროგრამას. ყოველდღიურად ინტერესი იზრდება, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ ეს არის ჩვენი ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის აუცილებელი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციისა და გამწვანების პროექტის ფარგლებში პარკის ტერიტორიაზე ამ დროისათვის 25 920 ხე-მცენარეა დარგული. სულ პარკსა და მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ჯიშის 50 000-მდე ძირი წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის ხე დაირგვება. მცენარეების დარგვის შემდეგ კონტრაქტორი კომპანიები მათ შემდგომ მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფენ.
დედაქალაქის გამწვანებისა და ხეების დარგვის პროგრამა, რომელიც თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და რეკრეაციული ზონის გაზრდას ისახავს მიზნად, თბილისის მერის დავით ნარმანიას ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გამწვანების აქციები ეტაპობრივად ტარდება. 2014 წლის საშემოდგომო და მიმდინარე საგაზაფხულო რგვების ფარგლებში, ქალაქის სხვადასხვა რაიონში, ტყე-პარკებსა თუ გამხმარი ნარგავებისგან გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე, ასევე საბავშვო ბაღებისა და საჯარო სკოლების ეზოებში 71820 ხემცენარეა დარგული. |
|