დღეს, 22 მარტს, საქართველოს წითელი ნუსხის სახეობების შესახებ გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო კამპანია დაიწყება, რომელიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ თბილისის ზოოპარკთან, ბოტანიკურ ბაღთან და ბოტანიკის ინსტიტუტთან თანამშრომლობით და GTZ-ის რეგიონული პროექტის - "ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამხრეთ კავკასიაში" და საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრის (CIM) გერმანელი ექსპერტის მხარდაჭერით ხორციელდება.
კამპანია საქართველოს დაახ
ლოებით 250 საჯარო სკოლაში ჩატარდება და მიზნად ისახავს ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოში გაიშვიათებული და წითელ ნუსხაში შეტანილი 10 სახეობის შესახებ სკოლის მოსწავლეების (10-14 წლის ასაკის) ცოდნის გაღრმავებას.
22-31 მარტს, კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონში მასწავლებლებს საგანმანათლებლო კამპანიის მიზნების, პრინციპების და სპეციალურად კამპანიისთვის შემუშავებული სასწავლო მასალის შესახებ მოსამზადებელი ტრეინინგები ჩაუტარდებათ. მასწავლებლები ზაფხულის არდადეგების დაწყებამდე, მიღებული ინფორმაციისა და სასწავლო მასალის საფუძველზე, კამპანიას და საქართველოს წითელი ნუსხის სახეობებს მოსწავლეებს გააცნობენ, რომლებიც სახეობების გარეგნულ მახასიათებლებს, კვებისა და საცხოვრებელი გარემოს თავისებურებებს შეისწავლიან. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება სახეობებისთვის საქართველოში არსებულ საფრთხეებზე. ზაფხულის არდადეგების შემდეგ მოსწავლეებს მოეთხოვებათ, შექმნან თემატური ნახატები, რომლებიც საბოლოოდ შეგროვდება და გამოიცემა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ.
აღნიშნული კამპანიის წელს ჩატარებას განაპირობებს ის ფაქტი, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 2010 წელი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო წლად გამოაცხადა. ამდენად, 2010 წელი დედამიწაზე ჩვენი სიცოცხლისათვის ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობის უკეთ გაცნობიერების წელი უნდა იყოს.
My Webpagewww.ghn.ge