|
18-12-2009, 00:13
19-20 დეკემბერს თბილისში, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში", გაიმართება მეორე ეროვნული საგანმანათლებლო კონფერენცია, რომლის ორგანიზატორია გამოცდების ეროვნული ცენტრი. კონფერენციის თემაა "შეფასება განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად - საგანმანათლებლო შეფასების სისტემები საქართველოში". გამოცდების ეროვნული ცენტრის ინიციატივით, 2008 წლიდან ყოველწლიურად ტარდება ეროვნული საგანმანათლებლო კონფერენცია, რომელიც განათლების სისტემის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას ეთმობა. 2008 წელს კონფერენციის თემა იყო "საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევები საქართველოში - რეალობა და ინიციატივები". წლევანდელ კონფერენციაზე გამოცდების ეროვნული ცენტრი თავისი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს კონფერენციის მონაწილეებს. 2009 წელს მეხუთედ ჩატარდა ერთიანი ეროვნული გამოცდები, პირველად - საერთო სამაგისტრო გამოცდა და ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა; საქართველო კიდევ ერთ საერთაშორისო კვლევაში (PISA) ჩაერთო. კონფერენციის საკვანძო საკითხი კი 2010 წლის ზაფხულისათვის დაგეგმილი პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები იქნება. კონფერენციას გახსნის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ განათლების სისტემის, სკოლების, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასევე ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც მომავალ პედაგოგებს ზრდიან. |
|