|
9-12-2010, 00:14
დღეს, 9 დეკემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო ”რადისონ ბლუ ივერიაში” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე სამინისტროს 2010 წლის ანგარიშს პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის (2009-2012 წლები) განხორციელების შესახებ კონფერენციის მონაწილეებს წარუდგენს.
კონფერენციას დაესწრებიან პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭოს წევრები, სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი უწყებები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე აღნიშნავს, ”მზარდი ეკონომიკისა და დინამიკური ბიზნესგარემოს პირობებში საქართველოს პროფესიული განათლების განვითარების სფეროში დიდი პოტენციალი აქვს”.
"მნიშვნელოვანია, რომ პროფესიულმა განათლებამ ქვეყნის ეკონომიკის მოთხოვნებს უპასუხოს და შრომის ბაზრის დივერსიფიკაციას შეუწყოს ხელი", - აღნიშნავს მინისტრის მოადგილემ.
კონფერენციის მონაწილეები მსჯელობენ იმ საკითხებზე, რომლებიც რეფორმის წარმატებით განხორციელებას უკავშირდება – საკანონმდებლო გარემოს გაუმჯებესებაზე, პროფესიული სწავლებისა და გადამზადების თვისობრივად ახალი სისტემის ჩამოყალბებაზე, საქართველოში პროფესიული განათლების განვითარების პერსპექტივებზე და საერთაშორისო ორგანიზაციების როლზე რეფორმის პროცესში.
,,ევროკავშირი მიესალმება პროფესიული განათლების რეფორმის პროგრესს საქართველოში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობის ხელშეწყობას პროფესიული განათლების შესახებ 2009-2012 წლის სტრატეგიის შესრულების საკითხში”, – აცხადებს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში ელჩი პერ ეკლუნდი.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკმა აღნიშნა, რომ პროფესიული სწავლებისა და გადამზადების განვითარება ხელს შეუწყობს სიღარიბის დაძლევასა და დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას. |
|