|
9-11-2011, 14:23
გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები GEO-CAT-ს საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე წარადგენენ. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი და ცენტრის წარმომადგენლები, საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას.
კონფერენციის თემაა "შეფასების სისტემის მართვა: პოლიტიკა და კვლევა". საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შეფასების სისტემას საგანმანათლებლო პროცესში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უჭირავს.
ბელფასტის კონფერენციაზე GEO-CAT-ს გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები მამუკა ჯიბლაძე და დავით ჭანკოტაძე წარადგენენ. მაია მიმინოშვილის განცხადებით, ქართული მოდელის მიმართ ინტერსი დიდია, რადგან კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირება სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში მთელი ქვეყნის მასშტაბით საქართველომ პირველმა ჩაატარა.
"ჩვენს კოლეგებს მთელი მსოფლიოდან გავაცნობთ გამოსაშვები გამოცდების იმ ალგორითმს, რომელიც შეიქმნა გამოცდების ეროვნულ ცენტრში და სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამას, რომლის მეშვეობითაც ერთდროულად ათასობით მეთორმეტეკლასელმა შეძლო გამოცდების ჩაბარება", - განაცხადა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა.
საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაციის კონფერენცია ბელფასტში (ირლანდია) 10-12 ნოემბერს გაიმართება. |
|